ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებაში დიდი წვლილი უარყოფით მოლოდინებს აქვს, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების მიმართულებით. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ეკონომიკა იმ პროცესების ანარეკლია, რაც პოლიტიკაში მიმდინარეობს და როდესაც 20 ივნისს ვიხილეთ საკმაოდ მძიმე ფაქტები – მასობრივი არეულობის მცდელობა, პარლამენტზე შტურმი და ვნებათაღელვა გრძელდება, ეს შემდეგ აისახება ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ შემდეგ ვსაუბრობთ ლარის კურსზე, ეკონომიკის ზრდაზე, ტურიზმის განვითრების პერსპექტივებზე, უნდა გავითვალისწინოთ მოლოდინების ფაქტორი.
რა თქმა უნდა, ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი შემომტანია, რაც ლარის გამყარებას ხელს უწყობს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერჯერობით საქმე გვაქვს ნეგატიურ მოლოდინებთან.
ნეგატიური მოლოდინები რამდენიმე ფაქტორით საზრდოობს. ერთი რომ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ტურიზმი და საკმაოდ მრავალი ოჯახია ამაში ჩართული და როდესაც იციან, რომ დაგეგმილი შემოსავალი შეიძლება ვერ მიიღონ, ესაც არის ერთ–ერთი ფაქტორი ნეგატიური მოლოდინისა.
მეორე არის გამოძახილი გარკვეული არასტაბილურობის. რა თქმა უნდა, ესეც ზემოქმედებს ამ თვალსაზრისით და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს. ამიტომ რაც უფრო პასუხისმგებლიანად მივუდგებით ყველანი, მათ შორის ეკონომიკას, ეკონომიკის უკან ჩვენი ოჯახების შემოსავლები დგას, რაც უფრო მალე გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე, რაც უფრო მალე მოხდება სტაბილიზაცია და დაიმკვიდრებს სიმშვიდე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით ჩვენ ამ გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი, რომ სრულად შეიძლება ნეიტრალიზაცია, რადგან მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, მაგრამ თუ რა დოზით მატერიალიზდება შემდეგ ეს გამოწვევა, დამოკიდებულია ისევ ჩვენზე, ჩვენს საზოგადოებაზე, რამდენად პასუხისმგებლიანად მივუდგებით ყველანი ჩვენ, მათ შორის პოლიტიკოსებიც. უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ დღევანდელ კონიუნქტურაზე, თავისი დღის წესრიგით, არამედ უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე, ვინც თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიაშია ჩართულია", – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გაცვლით კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.
"რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. მაკროეკონომიკური თვალსაზირისით რაც შეეხება, აქ თითქოს კითხვები არ არსებობს, რადგან წინასწარი ხუთი თვის შედეგების მიხედვით, ეკონომიკა კარგი ტემპებით ვითარდება. ეკონომიკა ჯანსაღია და ამ კუთხით ლარს არაფერი ემუქრება.
რაც უფრო მეტად ვკონცენტრირდებით მშვიდობიან დღის წესრიგზე და ვნებათაღელვა მალე ჩაცხრება, მით უფრო უკეთესი იქნება ამ თვალსაზრისით მთლიანად ეკონომიკისთვის და მათ შორის რა თქმა უნდა, სავალუტო კურსი ამის ერთ–ერთი პარამეტრია.
მე მესმის, რომ ეს რთული გასაგებია ემოციურ ფონზე, მაგრამ ეს არის ფაქტი, რადგან მოლოდინები აყალიბებს სავალუტო ბაზარს და პოზიტიური მოლოდინები პოზიტიურ დინამიკას აყალიბებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება სტაბილიზაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ მცირედით უკვე მოხდა გამყარება", – აღნიშნა ნათია თურნავამ.

























