მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე: საკუთარ თავს ვეჯიბრებით ამ მაჩვენებელში

5ce697a94212f
დავით ჯალაღონია
23.05.19 16:52
903
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას 2019 და 2020 წლებში საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ძალიან დადებითი მოლოდინები აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში FDI–ს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ თუ ანალიზისთვის გადავავლებთ თვალს ბოლო თუნდაც ბოლო ხუთი წლის მაჩვენებლებს, 30%–ით და უფრო მეტით გაზრდილია FDI–ის საშუალო მოცულობა, ყოველწლიური, წინა, თუნდაც ხუთ, ან ათწლიან პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, 2017 წელს გვქონდა საერთოდ ისტორიული მაქსიმუმი ბოლო 15–20 წლის განმავლობაში. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გავიმეორებთ თუ არა ისტორიულ პიკს და გავასწრებთ, თუ არა მას, ანუ საკუთარ თავს ვეჯიბრებით ამ მაჩვენებელში.

პირველი კვარტლის მონაცემები ჯერ მუშავდება და ოფიციალურ სტატისტიკას არასდროს ვასწრებთ, რადგან ყველა ჩვენს ციფრსა და ნათქვამზე პასუხს ვაგებთ დოკუმენტალურად. ზოგადად, მოლოდინები 2019 და 2020 წლების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით, ძალიან დადებითი გვაქვს და მიზეზი პირველ რიგში არის პროექტები, რომლებიც ჩვენ უკვე დაკონტრაქტებული გვაქვს და ზოგი მოლაპარაკების პროცესშია – ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში; ასევე ის რეფორმები, რაც ჩვენ წამოვიწყეთ ეკონომიკის სამინისტროში, ვგულისხმობ ინვესტორებისთვის პროცედურების გამარტივებას, დაჩქარებულ პრივატიზაციას, ახალი საწარმოების გახსნის ხელშეწყობას და უახლოეს კვირებსა და დღეებში თქვენც გახდებით ამის მომსწრეები; ასევე, ვგულისხმობ დაჩქარებულად წიაღისეული რესურსის ათვისებას", – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ ყველაფრის შედეგს ქვეყანა 2019–2020 წლებში მოიმკის.

ცნობისთვის: საქსტატი FDI-ის პირველი კვარტლის შედეგებს მიმდინარე წლის 10 ივნისს გამოაქვეყნებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები