საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას აზრით, „ყოველთვის წარმატება ასოცირდება ეფექტურ გადაწყვეტილებასთან და ეფექტური გადაწყვეტილება არის დროული გადაწყეტილება“-
ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ტემპი მართლაც არის წამყვანი სიტყვა ჩვენს პოლიტიკაში და ტრენდული ბოლო დროს და ეს არის ის, რაც მე ძალიან მომწონს და ძალიან ახლოსაა ჩემს ხედვასთან და ჩემს გამოცდილებასთან. იცით, რომ დიდი გამოცდილება გამაჩნია. ვმუშაობდი როგორც - საჯარო, ისე კერძო სექტორში და როდესაც ვიყავი სახელმწიფო მოხელე, ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმის მონაწილე ვიყავი და ასევე წარუმატებელი ეკონომიკური გადაწყეტილებების მომსწრე ვიყავი და ყოველთვის წარმატება ასოცირდება ეფექტურ გადაწყვეტილებასთან და ეფექტური გადაწყვეტილება არის დროული გადაწყეტილება.
ტემპი არის გადამწყვეტი. როდესაც მე დავინიშნე, პრემიერმა პირდაპირ მომცა დავალება - ახალი დინამიკა, ახალი ტემპი, არცერთი გაჩერებული გადაწყვეტილება, დროული პროექტები, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გეგმის მიხედვით, არაფერი არ უნდა დაგვიანდეს; ჩვენ გვაქვს მთავარი გამოწვევა - სიღარიბის დაძლევა, ჩვენ გაქვს მთავარი ამოცანა - ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ვპასუხობთ მაღალი ტემპით გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს წინასაწარ ანალიზს, წინასწარ კვლევას და, რა თქმა უნდა, გუნდურ მუშაობას.
„ეს არ არის ის, რასაც ერთი სამინისტრო შეძლებს. ეს, რა თქმა უნდა, არის გუნდური მუშაობის შედეგი. გუნდური მუშაობა ყოველთვის გულისხმობს აზრების გაცვლა-გამოცვლას.
ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია, ძალიან ბევრი დარგობრივი სტრატეგიაა განხორციელებული და ახლა დადგა დრო, ამის განხორციელების და აქ ყოყმანი არ შეიძლება. აქ არსებობს კონკრეტული ვადები და უნდა მივყვეთ ამ ვადებს იმიტომ, რომ ადამიანები ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

























