„თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ამ გადაწვეტილებას - ეს არის ე.წ. მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ დროდადრო მივმართავთ, უფრო სწორად ეს არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამას აკეთებს ჩვენი აეროპორტების გაერთიანების კომპანია,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის მიერ 600 ათას ევრომდე თანხით რამდენიმე მიმართულებით ფრენების დაფინანსების საკითხს.
მინისტრის განმარტებით, ამ საკითხში გასაკვირი არაფერია.
„აეროპორტების გაერთიანების კომპანია მსგავს კამპანიას დროდადრო მიმართავს სხვადახვა მიმართულებაზე მგზავრთნაკადების მხარდაჭერის თვალსაზრისით. მაგალითად, ამ ბოლო დროს ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული დიდი ბრიტანეთის პირდაპირი ფრენების შემთვევაში, ბრიუსელთან მიმართებაში და ამას უკვე ბოლოს დაემატა ერევანიც იმიტომ, რომ ერევანთან კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდი ცენტრია რეგიონიდან ტურისტების მოზიდვის.
ასევე, რაც პრემიერმა ბრძანა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთიდან ფრენები შემცირდა ჩვენ თანამემამულეებს ძალიან დიდი სირთულეები შეექმნათ. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სახელმწიფო ამ ჩვეულებრივ ბერკეტს გამოიყენებს და დაეხმარება თუნდაც ჩვენი თანამემამულეების თავისუფალ გადაადგილებას“ - განაცხადა თურნავამ.

























