ეროვნული ბანკი მიესალმება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის ფინანსური ინსტიტუტების დირექტორს გიორგი ორლოვს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, საუბარი საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების საკითხების განხილვას დაეთმო.
„დიდად ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (IFI) და EBRD-თან პარტნიორობას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მხარდაჭერაში, ასევე მისი ფინანსური სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს სებ-ის მიერ ბოლო წლებში საბანკო ზედამხედველობის ჩარჩოს გასაძლიერებლად გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ბაზელი III-ის სტანდარტებსა და ევროდირექტივებთან.
სებ-ის თანახმად, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.
დღეისათვის EBRD-ის საქართველოში 5.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს, რითაც ქვეყანაში 301 პროექტს აფინანსებს. EBRD-ის არსებული აქტიური პორტფელი 79 პროექტს მოიცავს, საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევროს ღირებულებით. მიმდინარე პორტფელის 32%-ი საფინანსო ინსტიტუტებზეა გამოყოფილი.