მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: საუბარი იმაზე, რომ რუსული გაზი მასიურად შემოვა, გამორიცხულია

5c87b11233af9
დავით ჯალაღონია
12.03.19 17:14
724

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, "გაზპრომთან" ახალი კონტრაქტის თანახმად, კერძო სექტორისთვის რუსული გაზი გაიაფდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ "გაზპრომთან" დასრულებული მოლაპარაკების შედეგებზე მედიასთან საუბრისას განაცხადა, კომერციული სექტორისთვის რუსული გაზის ფასის შემცირება, ამ პროცესში ერთ–ერთი მიღწევაა.

"ჩვენი ბაზრის უდიდესი ნაწილი არის სტრატეგიული, სოციალური სექტორი – მოსახლეობა და თბოსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ეს სექტორი მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით და ჩვენ ამის სრული რესურსი გაგვაჩნია. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესებს, წარმოებას, მცირე ბიზნესს, გაზგასამართ სადგურს, პურის საცხობს, აქ რა თქმა უნდა, ჩნდება ეს კონკურენტული ალტერნატივა, მაგრამ ამას დაარეგულირებს თვითონ კონკურენტული ბაზარი. ანუ საუბარი იმაზე, რომ რუსული გაზი მასიურად შემოვა ბაზარზე, გამორიცხულია", – განმარტა ნათია თურნავამ.

რუსული გაზის ფასის შემცირების გარდა, დღესვე მინისტრის მოადგილისგან ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის გაზრდილ ფასს მიიღებს, თუმცა ამ მომსახურების ღირებულება ისევ კომერციულ საიდუმლოებად რჩება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი "გაზპრომ–ექსპორტთან" თვის ბოლომდე გაფორმდება და ის ძალაში ორი წლის ვადით იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები