ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ახალი გამოწვევა მზარდი მოთხოვნის პირობებში, საკუთარი რესურსებით ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფაა.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სასტუმრო "შერატონში" კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარებით ვმსჯელობთ ძალიან აქტუალურ თემაზე - ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გვაქვს ტრადიციული და ახალი გამოწვევები, რასაც ვუმკლავდებით. ტრადიციული გამოწვევები დაკავშირებულია რეგიონალურ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკასთან, ხოლო რაც შეეხება ახალ გამოწვევებს, ეს არის მზარდი მოთხოვნის პირობებში საკუთარი რესურსით ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების მიმართ.
უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კონფერენცია სახელწოდებით – "კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში" – USAID ენერგეტიკის პროგრამის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

























