„უშუქო სოფლების პრობლემას საბოლოოდ მოვაგვარებთ. საქართველოში 140 სოფელია რეგისტრირებული, რომელიც ელექტროენერგიით არ მარაგდება და ამ საკითხს ჩვენ სხვადასხვა მიდგომით მოვაგვარებთ. საქართველოში ელექტროენერგიის პრობლემა არ უნდა არსებობდეს და ამას ჩვენ სრულად აღმოვფხვრით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძენს და დაამონტაჟებს მზის პანელებს იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს. მისი თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია მიკრო და მცირე ჰესების რეაბილიტაცია და აშენება, მთავრობა აღნიშნულ ინფრასტრუქტურას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცემს და ამ სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივ მოსახლეობა მიეწოდება.
ნათია თურნავას განცხადებით, მალე დაიწყება შატილში მცირე ჰესის რეაბილიტაცია, რომლის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. ჰესი ლოკალური ქსელის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობის მომარაგებას ელექტროენერგით, ასევე დაგეგმილია მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობა - რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - როშკაში, არდოტში, არხოტში და ა.შ.
მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ელექტროგადამცემი ხაზების მიყვანაზე იმ დასახლებებში, სადაც ეს შესაძლებელია. ასეთი სოფლებია მესტიის მუნიციპალიტეტში ხალდე და ჰეშკილი. ამ სოფლების ელექტრიფიკაციის პროექტისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია და მალე აქტიური მშენებლობა დაიწყება.