მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული

5d23412eb3fe6
შოთა ტყეშელაშვილი
08.07.19 17:15
635

"ყველაფერს გავაკეთებთ ამასთან, რათა ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული,”- ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 


ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოში რუსული ტურისტული ნაკადი არ შეწყდება და მისგან მისაღები შემოსავალი არ დაიკარგება. 

მინისტრმა თქვა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის მარკეტინგულ კამპანიას გაატარებს. 

“ბიზნესისგან მოთხოვნაა, გავაკეთოთ საქართველოს როგორც ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნის მარკეტინგი. გარდა ამისა,  საკმაოდ აგრესიული მარკეტინგული სტრატეგია გვექნება იმისთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი კვლავ განმტკიცდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული,” - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

მისივე თქმით, "ტურიზმის ადმინისტრაციის პროგნოზი ეყრდნობა იმ მოლოდინს, რასაც ადმინისტრაცია რუსი ტურისტების სახით ელოდა.

"მილიონამდე ადამიანი ვინც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მათგან მისაღები შემოსავალი არის დათვლილი. 750 მილიონი დოლარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ნაკადი არ შეწყდება და შემოსავალი არ დაიკარგება, მაგრამ რასაც ვისმენთ, ტურიზმის ინდუსტრიიდან არის ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი დაიკარგა. მნიშვნელოვანი ზარალი, რა თქმა უნდა, იქნება," - ამბობს ნათია თურნავა. 

მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მცირე ზომის სასტუმროებისთვის სესხების თანადაფინანსების პროგრამას დაიწყებს:

"ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ბიზნესასოციაციაში იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რათა შეუმსუბუქოს ტურისტულ ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც მათ დაუდგებათ რუსეთის გადაწყვეტილების გამო. პირველი და მთავარი -  ჩვენ შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს, ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენა, რაც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საბანკო სესხების თანადაფინანსებაზე. რაც მესმოდა ამ დღეების განმავლობაში არის ის, რომ საბანკო სესხები არის ერთ-ერთი ის, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი და ჩვენ მათ ამ ტვირთის გაღებაში დავეხმარებით პროცენტის თანადაფინანსებით. ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიაზე," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგო ამოქმედდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები