საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 2025 წელს „ბანკი ქართუდან“ ოთხი იპოთეკური სესხი აიღო. სესხები გაფორმებულია 2025 წლის იანვარსა და ივნისში და მათი საერთო მოცულობა 604 ათას აშშ დოლარს აღემატება. ეს წარმოადგენდა კრედიტების ქართუში გადატანას, რადგან წინა ქონებრივი დეკლარაციით, ნათია თურნავას სესხები "საქართველოს ბანკში" ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "ქართუ ბანკიდან" შემდეგი თანხები ისესხა:
- 94 000 აშშ დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხი — ხელშეკრულების თარიღი 2025 წლის 23 იანვარი, დაფარვის ვადა 2033 წლის 16 ივლისამდე;
- 67 400 აშშ დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხი — გაფორმებული 2025 წლის 23 იანვარს, დაფარვის ვადა 2039 წლის 16 დეკემბრამდე;
- 267 100 ევროს მოცულობის იპოთეკური სესხი — გაფორმებული 2025 წლის 23 იანვარს, დაფარვის ვადა 2039 წლის 16 დეკემბრამდე;
- 122 000 ევროს მოცულობის იპოთეკური სესხი — გაფორმებული 2025 წლის 18 ივნისს, დაფარვის ვადა 2040 წლის 18 იანვრამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს მისი ანაზღაურება 392 689 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი 2024 წელს მიღებულ შემოსავალს 43.6 ათასი ლარით აღემატება.
დეკლარაციაში ასახულია თურნავას და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ფინანსური აქტივები, სასესხო ვალდებულებები და წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები.
ნათია თურნავას საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება. მათ შორისაა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 130.79 კვ.მ ბინა, რომელიც მას 2003 წელს ჩუქებით გადაეცა.
ასევე, თურნავა ფლობს 33.03 კვ.მ ბინას ბათუმში, რომელიც 2020 წელს მიიღო საჩუქრად.
2024 წელს მან ბაკურიანში საცხოვრებელ სახლში 50%-იანი წილი შეიძინა. 199 კვ.მ ფართობის უძრავი ქონების ღირებულება დეკლარაციაში 123 710 ლარად არის მითითებული. იმავე წელს თურნავამ ბაკურიანში ავტოფარეხიც შეიძინა, რომლის ღირებულებაც 1 500 აშშ დოლარი იყო.
ასევე ფლობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1 745 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
დეკლარაციის მიხედვით, თურნავას მეუღლე დავით ვეშაპიძე რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს საჩხერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
მის საკუთრებაშია ასევე თბილისში, რევაზ ჯაფარიძის პირველ შესახვევში მდებარე მშენებარე სახლი, რომლის საერთო ფართობი 561.8 კვ.მ-ია. აღნიშნული ქონება 2015 წელს 100 000 აშშ დოლარად არის შეძენილი.
გარდა ამისა, ვეშაპიძემ 2024 წელს თბილისში, ზემო ვაკეში 261 კვ.მ მიწის ნაკვეთი 252 300 ლარად შეიძინა, ხოლო 2022 წელს ბათუმში 40.72 კვ.მ ბინა — 69 880 ლარად.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ 2025 წელს დავით ვეშაპიძის სახელზე დარეგისტრირდა Lexus RX500H, რომელიც 54 ათას აშშ დოლარად არის შეძენილი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავა საბანკო სეიფში ინახავს 321 000 აშშ დოლარს და 35 000 ევროს.
დავით ვეშაპიძის სახელზე საბანკო სეიფში მითითებულია 105 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი.
დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ კომერციულ ბანკში ინახება აღნიშნული თანხები.
ნათია თურნავას მიერ 2025 წელს მიღებულმა ანაზღაურებამ 392 689 ლარი შეადგინა.
მისმა მეუღლემ დავით ვეშაპიძემ, რომელიც დეკლარაციის მიხედვით „რუსთავის აზოტის“ მრჩეველია, გასულ წელს 56.5 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო.
დეკლარაციაში ასახულია სხვადასხვა სახის ხარჯებიც. მათ შორის:
- შვილზე გადარიცხვები — 120 000 ლარი;
- მშენებლობა/რემონტი — 130 000 ლარი (ნათია თურნავა) და 90 000 ლარი (დავით ვეშაპიძე);
- ახლო ნათესავებზე გაწეული ხარჯები — 60 000 ლარი;
- საქველმოქმედო ხარჯები — 50 000 ლარი;
- მოგზაურობა — 25 500 ლარი;
- სამედიცინო მომსახურება — 17 500 ლარი;
- ქონების გადასახადი — 12 365 ლარი.




























