მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოში რუსული გაზი მთლიანი მოხმარების 5%–ის ფარგლებშია

5cfa308a8b8e9
დავით ჯალაღონია
07.06.19 13:35
878
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში საქართველოსა და "გაზპრომს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე ისაუბრა, რაც კომერციული საიდუმლო არ არის.

"მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარეთ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში, იყო პირველ რიგში ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა და თქვენ დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე, 2.5 მილიარდი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც ჩვენი მთლიანი მოხმარებაა, 95% გაზი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა. აზერბაიჯანი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ჩვენ ვიღებთ ორი წყაროთი აზერბაიჯანიდან გაზს – ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, შაჰდენიზიდან, ეს არის ასევე სახელმწიფო კომპანია "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზი. ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომხმარებელი – ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით.

რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს – ამ სეგმენტში, ბიზნესში, ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, იქნება ეს ელექტროენერგიისა თუ გაზის სექტორი, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკების შედეგად და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ შედეგს ხედავთ, ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება, მათ შორის მიწოდებული გაზის ფასის ნაწილშიც და ახლა მართალია, მცირე დოზით, სულ 5% ჩვენი მოხმარებისა, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით. შედგა ძალიან დიდი კონკურენცია. 8 კომპანია მონაწილეობდა. ეს გაზი შეიძლება, ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის და აქედან გამომდინარე, ალტერნატივის არსებობა კომერციულ ბაზარზე ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპიროებებული.

"გაზპრომის" რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასოდეს იქნება შესაძლებელი", – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ "გაზპრომ–ექსპორტსა" და საქართველოს შორის რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება მოქმედებს. ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ახალი ხელშეკრულებით ტრანზიტის გაზრდილ საფასურს იღებს, ბუნებრივი გაზის ფასი კი შემცირებულია მათთვის, ვინც რუსული გაზის შეძენას მოინდომებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები