მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატო ჩხეიძე: ფინანსთა სამინისტრომ ხისტი მიდგომებით გააკეთა ცუდი, ახლა გააკეთა უკეთესი"

5bd46e008cb93
თელარა გელანტია
27.10.18 17:51
1212
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის მეუღლის, დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, „ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა ის, რაც სამი თვის წინ უნდა გაეკეთებინა“.

ამის შესახებ ჩხეიძემ tv “პირველის“ საინფორმაციო სამსახურს განუცხადა და ასე შეაფასა ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ, რაც „ოჯთ“-მ 1 მლნ ლარის ბიუჯეტის დავალიანება გადაიხადა, კომპანიას ანგარიშზე ინკასო მოხსნა, ასევე საბრუნავ საშუალებებზე ყადაღა მოხსნა და აქციზური მარკები გაატანა, რათა ფაბრიკამ წარმოება განაახლოს.

ნატო ჩხეიძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „ოჯთ“-ის ფაბრიკამ შეაჩერა მუშაობა, ფინანსთა სამინისტროსთან „ჩვეულებირვი კომუნიკაცია“ მიმდინარეობდა.

„ამ სამი თვის განმავლობაში იყო მუდმივი საუბარი მათთან სწორედ ამ საკითხის გამო, რომ გაცემულიყო აქციზური მარკები და ფაბრიკას წარმოება განეახლებინა, რათა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებულები, მუშაობა გაეგრძელებინათ; ნამდვილად ძალიან პოზიტიურია, რომ ამ სამთვიანმა მოლაპარაკებებმა გამოიღო შედეგი და ის, რაც ფინანსთა სამინისტრომ ცხელ გონებაზე ხისტი მიდგომებით გააკეთა ცუდი, ახლა გააკეთა უკეთესი და ფაბრიკას ამუშავების საშუალება მიეცა“, - განაცხადა ჩხეიძემ და დასძინა, რომ ის ფინანსთა სამინისტროსგან ასეთ გადაწყვეტილებას უფრო ადრე ელოდა.

„მე უფრო ვფიქრობდი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ისინი მიიღებდნენ მაშინ, როცა „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართეს, მაგრამ მაშინ ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა. როგორც ჩანს, ცივი გონებით ალბათ კარგად აწონ-დაწონეს, არ ვიცი როგორ და რატომ , მაგრამ გააკეთეს ის, რაც სამი თვის წინ უნდა გაკეთებინათ“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

თავად შემოსავლების სამსახურში კი აცხადებენ, რომ უწყებამ ანგარიშზე ინკასოს მიხსნის, კომპანიის საბრუნავ საშუალებებზე ყადაღის მოხსნის და აქციზური მარკების მიცემის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "ოჯთ"-მ ბიუჯეტის დავალიანების ნაწილი - 1 მლნ ლარი გადაიხადა.

"აქამდე მხოლოდ საუბრობდნენ. ახლა ჩარიცხა 1 მლნ ლარი. უახლოეს დღეებში კი დანარჩენი ვალდებულების გრაფიკი უნდა შედგეს", - განმარტეს შემოსავლების სამსახურში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები