ნატო-ს ეფექტი ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის - ამ შინაარსის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამართა.
კვლევის ფარგლებში ნატო-ს ეფექტი შეფასდა ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთისთვის. როგორც ანალიზმა აჩვენა, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურ გადანაწილებას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ასევე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
"საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ. მე ვფიქრობ, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ჩვენი ნატო-ში ინტეგრირება და უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციების მატებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იმოქმედებს. პირველ რიგში, მთავრობის ამოცანაა, რომ განახორციელოს რეფორმების პროცესი, უზრუნველყოს დემოკრატიული პროცესები, თავისუფალი მედია და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე რისკები და ბარიერები მინიმუმამდე შეამციროს", - აღნიშნა ანგარიშის პრეზენტაციაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
ანგარიშის მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანების დადებითი ეფექტი, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერიოდში ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში გამოიკვეთა, იყო შემდეგი: მშპ დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 3-ჯერ; უმუშევრობა დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა; სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 წლით გაიზარდა.
"ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ ხელი შეუწყო სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას. სტატისტიკური მონაცემებით, 2000 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა კვლევაში აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროპის სხვა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ბრუნვაში მცირე ვარდნა შეინიშნებოდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მაგრამ სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და ექსპორტმა და იმპორტმა მშპ-ის დაახლოებით, 20%-ს მიაღწია ბულგარეთში, ლიტვასა და სლოვენიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ეკონომკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის რეკომენდაციით, ნატო-ში გაწევრიანების და გაწევრიანების შემდგომი პრაქტიკული სარგებლის მაქსიმიზაციისათვის საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება და ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის გატარება.
ეს ანგარიში რიგით მეორე ანალიტიკური დოკუმენტია, რომელიც პროექტის "ეკონომიკური ნატო" ფარგლებში მომზადდა.

























