მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს წევრებისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სავალდებულო უნდა გახდეს - სტოლტენბერგი

უკრაინა ნატო

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სავალდებულო უნდა გახდეს - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მნიშვნელოვანია იარაღის სტაბილურად მიწოდება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ შეერთებული შტატები კოორდინაციას უწევს უკრაინისთვის დამატებით დახმარებას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. პარალელურად, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ NATO-ს ყველა წევრს ამ დრომდე არ მიუწოდებია იარაღი უკრაინისთვის.

იარაღის მიწოდებას ნებაყოფლობითიდან თუ NATO-ს ვალდებულებად გადავაქცევთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მიწოდება იქნება სანდო და უფრო მასშტაბურიც. განსხვავება ისაა, რომ მაშინ გამოვიყენებთ NATO-ს სამეთაურო სტრუქტურას და საერთო დაფინანსებას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის პროგნოზირებადობა, ანგარიშვალდებულება და ხარჯების სამართლიანი განაწილება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

NATO-ს გენერალური მდივანი გუშინ უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა და მიიღო პირობა, რომ ვეტოს არ დაადებს უკრაინის მიმართ NATO-ს დახმარებას, თუმცა თავად დახმარებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა და უნგრეთის პრემიერმა ორბანმა ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.

ამასთან, საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, დღეს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ.

შეთანხმება, სავარაუდოდ, აშშ-ს ავალდებულებს 10 წლით გააგრძელოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში მეტი თანამშრომლობა, სამხედრო დახმარების გაწევა და სადაზვერვო ინფორმაციის უფრო ფართოდ გაზიარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები