მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით - ხავიერ კოლომინა "რუსულ კანონზე"

ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ის მიუთითებს, რომ კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.

17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები