საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ნატ-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
„ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ესაა ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი.
აქვე მოგეხსენებთ, რომ ჩვენს ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ არჩევანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მტკიცე.
ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას, იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში(JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

























