"თუ ნავთობის ფასი 50 დოლარზე ზევით წავა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ როგორ აისახება ეს ზრდა საწვავის ფასებზე საქართველოში", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ OPEC-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვებაზე ზღვარი დააწესეს, ჯერ ნაადრევია საუბარი, რომ მსოფლიოში და საქართველოში საწვავის ფასი გაიზრდება.
"ეს ცვლილებები გლობალურ ბაზრებზე ხდება, უნდა დავაკვირდეთ უახლოეს დღეებს, თუ საით წავა ტრენდი. დღეს რა მოცემულობაც არის, ლარის რა კურსიც გვაქვს, ამ ეტაპზე არანაირ კორექტირებაზე საუბარი არ არის“,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ OPEC -ის ქვეყნების გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასმა ლონდონის სანავთობო ბირჟაზე უკვე მოიმატა, მთვრალაშვილი ამბობს, რომ ეს OPEC-ის ქყენების გადაწყვეტილებაზე ემოციური ფონი იყო.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში Opec-ის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. მინისტრების გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასები დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. Opec-ის ქვეყნები შეთანხმდენენ, რომ დღიურად ნავთობის წარმოება 32-დან 33- მილიონ ბარელამდე შემცირდეს.

























