საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მთავარი ბუღალტერის ნათია ქარქაშაძის შეფასებით, საპენსიო რეფორმა ტექნიკურად დაუხვეწავი და მოუმზადებელია.
ამის შესახებ ქარქაშაძემ ჟურნალისტებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიები ესწრებოდნენ და საშუალება ჰქონდათ, საპენსიო სააგენტოს დირექტორისთვის და მისი მოადგილეებისთვის რეფორმის შესახებ კითხვები დაესვათ.
„თავად საპენსიო რეფორმის იდეა კარგია და რა თქმა უნდა, განვითარებულ და სწორი ეკონომიკის ქვეყანაში, ყველა მიესალმება, მაგრამ რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, ვთვლი, რომ რეფორმა ტექნიკურად დაუხვეწავია და მოუმზადებელია; ბევრი საკითხი არ არის შეთანხმებული კომპანიებთან ტექნიკურ-ბუღალტრული კუთხით. შემოსავლების სამსახურთანაც არის უზუსტობები - იქ მიდგომა სხვა არის და აქ (საპენსიო სააგენტოში) მიდგომა სხვანაირი აქვთ და ეს გვიქმნის პრობლემებს. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ როცა კანონი გაამზადეს, პრაქტიკულ ბუღალტრებთან რომ ემუშავათ, პრობლემები აღმოიფხვრებოდა. პრინციპში, ბევრი პრობლემა არცაა, სულ რჩება 4-5 პრობლემა, რაზეც მე პირადად ვერ ვიღებ პასუხს“, - განაცხადა ქარქაშაძემ და 2 მაგალითი მოიყვანა, რაზეც კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.
„მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სარგებლის თემას, საგადასახადოს მიდგომა აქვს, რომ სარგებელი უნდა „აიგროსოს“, აქ (საპენსიო სააგენტოში) კი ვერ ჩამოყალიბდნენ. მგონი სიტყვა „აგროსვა“ ვერ გაიგეს, თუ არ ვიცი, რა მიდგომა აქვთ. მაგალითად, დავაზღვიე თანაშრომელი, რაშიც გადავიხადე პირობითად 100 ლარი. გამოდის, რომ მიიღეთ 100 ლარი სარგებელი და როგორ უნდა მოვიქცეთ - ასი ლარის 2%, უფრო სწორედ 4% უნდა გადავიხადოთ საპენსიო ფონდში თუ რა ვქნათ? დავსვი ეს კითხვები, მაგრამ რაღაც პასუხი ვერ მივიღე. მაგალითად, იქ სხვა აქვთ მოცემული და ვერ ვიგებ...თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზაციაში შევიმუშავეთ მიდგომა, რითაც კანონმდებლობასაც მოვერგეთ და საპენსიო რეფორმასაც“, - განაცხადა ნავთობის და გაზის კორპორაციის მთავარმა ბუღალტერმა.
მისივე თქმით, საჭიროა, საპენსიო სისტემაში ჩართული დასაქმებულების რეესტრის არსებობაც.
„ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს რეესტრი, სადაც პრაქტიკულ ბუღალტერს შეეძლება შესვლა, რომ ნახოს ადამიანი არის თუ არა ჩართული საპენსიო სისტემაში. ეს ეხება, რა თქმა უნდა, 40 წელს ზევით დასაქმებულებს, ვისთვისაც სავალდებულო არაა სისტემაში დარჩენა- ანუ მე თუ დავიქირავებ ასეთ თანამშრომელს და ჩავურიცხავ თანხას, ხომ უნდა ვიცოდე, უნდა გადავრიცხო თუ არა 2% მის საპენსიო ანგარიშზე ანუ არის თუ არა ჩართული რეფორმაში და ა.შ. მოკლედ, ასეთი დისკომფორტებია“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.
ამასთან, ის ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ასეთი კითხვების არსებობა და პრაქტიკული პრობლემები მათ შორის იმითაცაა გამოწვეული, რომ თავადაც არ იყვნენ საკმარისად აქტიურები.
„საპენსიო სააგენტო იხვეწება, მუშაობენ, მაგრამ შეეძლოთ უფრო ადრე დაეწყოთ ეს ყველაფერი, თუმცა, ალბათ ჩვენი ბრალიც არის; კანონი 2018 წლის აგვისტოში მიიღეს და რატომღაც აქტიურობა ჩვენც არ დავაფიქსირეთ. ჩვენი ბრალიც არის ალბათ, უფრო მეტი აქტიურობა მანამდეც უნდა გამოგვეჩინა, ვიდრე სრულ ძალაში შევიდოდა კანონი“, - აღნიშნა მან.

























