ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს.
Bloomberg-ის ბაზაში, ორშაბათის დილის ვაჭრობისას, Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 57,93 ამერიკულ დოლარით განისაზღვრა, რაც პარასკევის ვაჭრობაზე 60 ცენტით ნაკლებია.
რაც შეეხება, ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასი კი, 90 ცენტითაა დაცემული და ბარელზე 53,60 $ შეადგენს.
ბაზრის დამკვირვებლების განცხადებით, ნავთობის ფასების კლება ისევ და ისევ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტით არის გამოწვეული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიმდინარე სავაჭრო ომი ამცირებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც. ექსპერტ ალფონსო ესპარზას აზრით, ნავთობის ბაზარი რიტორიკული პოლიტიკისა და სავაჭრო კონფლიქტის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა.
ექსპერტების პროგნოზით, ფასების არასტაბილურობა ისევ არის მოსალოდნელი.

























