პირველად 2014 წლის შემდეგ, 17 მაისს, ლონდონის ბირჟაზე, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 80$-მდე გაიზარდა, რაც ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმუმია. ამის მიზეზი მსოფლიოში ერთდროულად განვითარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მათ შორის იგულისხმება ოპეკის გახანგრძლივებული შეთანხმება ნავთობის შემცირებული რაოდენობით მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
თუმცა, ფასების ზრდის პროცესი ირანზე განახლებულმა სანქციებმა დააჩქარა, რომელიც 2015 წლის შემდეგ საკმაოდ მოძლიერებული ჩანდა რესურსების მოპოვების კუთხით. ევროპა ირანისგან ყიდულობს დღეში 450 ათას ბარელ ნავთობს. ევროპელები განმარტავენ, რომ ამ ეტაპისთვის იგივე რეჟიმით განაგრძობენ ირანიდან ნავთობის შესყიდვას.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოუწევთ ირანულ ნავთობზე უარის თქმა, მაშინ ისინი მას სხვა ქვეყნის ნავთობით ჩაანაცვლებენ. ამ ეტაპისთვის ტრამპის ადმინისტრაცია საუდის არაბეთთან ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. არცერთი მხარე ჯერ არ აკონკრეტებს, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს ეს პროცესი.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასებთან, თუმცა ისინი კიდევ უფრო კარგად კორელირებს ევროპაში ბენზინის ფასებთან. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს (გადასახადების გარეშე) საქართველოსა და ევროპაში, ვნახავთ, რომ კორელაცია დაახლოებით 95%-ია .
საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფასების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საერთაშორისო ნავთობის ფასებია, ბენზინის ფასებზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა ნავთობის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და ადმინისტრაციული ხარჯები. ამასთან, ნავთობის ფასების ცვლილებას ბენზინის ფასებზე ასახვას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს. ამგვარად, საინტერესოა საერთაშორისო ნავთობის ფასების ბენზინის ფასებზე გადაცემის სიძლიერისა და სისწრაფის ემპირიული ანალიზი.
ევროპისთვის გაკეთებული კვლევების მიხედვით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ცვლილება სრულად გადაეცემა ადგილობრივი ბენზინის ფასებს (გადასახადების გარეშე), თუმცა შედარებით გრძელვადიან პერიოდში. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ლიტრი ნავთობის ფასის ერთი ცენტით ცვლილება, გრძელვადიან პერიოდში ასევე ერთი ცენტით ცვლის ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასს. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში (ერთი თვის მანძილზე) ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისათვის ბენზინის ფასებს საერთაშორისო ნავთობის ფასის ცვლილების მხოლოდ ნახევარი გადაეცემა (Clerides,). აღნიშნული კვლევის მიხედვით ნავთობის ფასის ცვლილების პრაქტიკულად სრულად გადაცემას ევროპაში ბენზინის ფასებზე დაახლოებით 3 თვე სჭირდება.
საქართველოსთვის გაკეთებული შეფასების მიხედვით (Clerides, 2010-ის მსგავსი მეთოდოლოგიით), ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილება გრძელვადიან პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასებს ერთი-ერთში გადაეცემა (გადასახადებისა და კურსის გავლენის გამორიცხვით). თუმცა, მოკლევადიან, ერთთვიან პერიოდში ერთი ლიტრი Brent Crude Oil-ის ფასის ერთი დოლარით ცვლილება საქართველოში ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასებს 0.35 დოლარით ცვლის. ამავე ეკონომეტრიკული შეფასების მიხედვით, გრძელვადიან წონასწორობას საბაზრო ფასები ყოველ თვეში 40%-იანი ცვლილებით უახლოვდება. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილების საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად სრულად გადმოცემას 3-4 თვემდე სჭირდება.

























