მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიები 12 კომპანიაზეა გაცემული - სააგენტო

ნავთობი

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიები 12 კომპანიაზეა გაცემული. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება კი შვიდ სალიცენზიო ბლოკზე მიმდინარეობს.

2024 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა, ბუნებრივი გაზის კი შემცირდა. ნავთობის და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 36.8 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს. ეს 1500 ტონით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

მოპოვებული ნავთობიდან სახელმწიფოს წილი 14 200 ტონა იყო. საკუთარ წილს კორპორაცია აუქციონების მეშვეობით ასხვისებს ხოლმე. სტატისტიკას თუ შევხედავთ, ნავთობის მოპოვების მხრივ გამორჩეული იყო 2009 წელი, როდესაც თითქმის 60 ათასი ტონის მოპოვება მოხდა.

2010-2013 წლებში საშუალოდ 50 ათასი ტონის მოპოვება ხდებოდა, შემდეგ წლებში კი მოპოვება შედარებით შემცირდა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოში ნავთობის მოპოვების დინამიკა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც დიდწილად ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ხდება. ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ლიცენზიანტ კომპანიებს უკეთესად განსაზღვრონ ნავთობის საბადოები და ეფექტურად მართონ მათი ამოღება.

რაც შეეხება გაზის მოპოვებას, შარშან 15.8 მლნ მ3 გაზი მოპოვება მოხდა. კლება უმნიშვნელოა და 0.2 მლნ მ3 შეადგენდა. მოპოვებული გაზიდან სახელმწიფოს წილი 5 მლნ მ3 იყო. 2020 წლის შემდეგ სახელმწიფო ყოველწლიურად 4-5 მლნ კუბ.მეტრს იღებს ადგილობრივი მოპოვებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები