გარემოს დაცვის სამინისტროს “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” მიერ 2018 წლის მაისის თვეში თბილისისა და რეგიონების მასშტაბით შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ 7 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ იქნა ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები. როგორც გარემოს დაცვის სამინსიტროში Bm.ge-ს განუცხადეს, ბენზინის საწვავში განსაზღვრული იქნა ოქტანური რიცხვი, ტყვიისა და გოგირდის შემცველობა,ხოლო დიზელის საწვავში - ცეტანის რიცხვი, სიმკვრივე, და გოგირდის შემცველობა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა,რომ საკვლევი ბენზინის ნიმუშებში გოგირდისა და ტყვიის შემცველობები აკმაყოფილებდა "საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ დადგენილ ნორმებს.
ამავე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი დიზელის ყველა ნიმუშში ცეტანის რიცხვი და სიმკვრივე შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან.

























