ირანში მიმდინარე ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რეგიონში ვითარება ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე კონფლიქტის პირველ დღეებში იყო. თიბისი კაპიტალის უფროსი ანალიტიკოსი, რატი წიკლაური მიიჩნევს, რომ პროცესი გასული პერიოდის უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენად იქცა, რომელმაც მსოფლიო ცენტრალური ბანკების დღის წესრიგიც კი შეცვალა. "ფასების ასეთი ზრდა ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს", - აცხადებს ის გადაცემა "საქმიანი დილის" რუბრიკაში "თიბისი კაპიტალის - თვის მაკროდაიჯესტის" ფარგლებში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას.
„ომის დაწყებიდან დღემდე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ევროპულ ბაზარზე, რადგან ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე რეგიონალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ევროპა ძალიან აქტიურად მარაგდება მაგალითად, კატარის ბუნებრივი აირით, რომლის სატრანსპორტო გზებიც ახლა ჩაკეტილია. ამას ემატება თავდასხმები კატარის რას ლაფანის საბადოზე მსოფლიოში უდიდეს გაზის ველზე, რის გამოც ევროპაში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. ფასების ასეთი ზრდა ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები იქნება ეს შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი სავარაუდოდ, უკვე განიხილავენ არა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, არამედ როგორც მინიმუმ მათ შენარჩუნებას. აქვე მინდა განვმარტო, რომ ფედერალურ რეზერვს, თავისი მანდატიდან გამომდინარე, აქვს ვალდებულება, ეკონომიკის სიძლიერეზეც იზრუნოს. მსგავსი მანდატი არ გააჩნია, მაგალითად, ევროპის ცენტრალურ ბანკს, რომლის ძირითადი ფუნქცია ფასების სტაბილურობის კონტროლია. შესაბამისად, ბევრად უფრო მაღალია იმის რისკი, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ევროპაში ვიხილოთ", - აცხადებს წიკლაური "საქმიანი დილაში" სტუმრობისას.




























