მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაყინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები - ვისგან ყიდულობს ამ დესერტს საქართველო?

ნაყინი

ეკონომიკური კომპლექსურობის ობსერვატორიამ (The Observatory of Economic Complexity) გასულ კვირას ნაყინის გლობალური ბაზრის მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წელს ნაყინის გლობალური ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში, ნაყინის ექსპორტის ღირებულება ყველა ექსპორტიორი ქვეყნისთვის, ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, საშუალოდ 39.3%-ით გაიზარდა - 2020 წელს ექსპორტირებული ნაყინის ღირებულება 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

წლიურ ჭრილში, გლობალურად ექსპორტირებული ნაყინის ღირებულება 3.2%-ით გაიზარდა 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ნაყინის ხუთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და პოლონეთი არიან. ამ ევროპულ კლასტერზე 2024 წელს ექსპორტირებული ნაყინის მთლიანი ღირებულების თითქმის ნახევარი (47.1%) მოდიოდა.

კონტინენტებს შორის, ევროპაში ბაზირებულმა მომწოდებლებმა ნაყინის ექსპორტით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს - ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 4.97 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გლობალური მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე აზიელი ექსპორტიორები არიან (10.5%), ხოლო გლობალური ექსპორტის 4.5% ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედ მწარმოებლებზე მოდის.

შედარებით მცირე წილი მოდის ლათინურ ამერიკაზე (მექსიკის გამოკლებით, მაგრამ კარიბის აუზის ქვეყნების ჩათვლით) - 2.4%, ოკეანეთზე (ძირითადად ახალი ზელანდია და ავსტრალია) - 1.4%, და აფრიკაზე - 1.2%.

წარმოგიდგენთ 15 ქვეყანას, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ნაყინის ექსპორტი განახორციელეს და მათ წილს ნაყინის მთლიან ექსპორტში:

  • გერმანია: 738 მილიონი დოლარი (11.9%)
  • საფრანგეთი: 705.7 მილიონი დოლარი (11.3%)
  • ბელგია: 578.5 მილიონი დოლარი (9.3%)
  • ნიდერლანდები: 470.9 მილიონი დოლარი (7.6%)
  • პოლონეთი: 437.8 მილიონი დოლარი (7%)
  • იტალია: 419.7 მილიონი დოლარი (6.7%)
  • ესპანეთი: 356.1 მილიონი დოლარი (5.7%)
  • აშშ: 243.4 მილიონი დოლარი (3.9%)
  • უნგრეთი: 198.6 მილიონი დოლარი (3.2%)
  • გაერთიანებული სამეფო: 185.3 მილიონი დოლარი (3%)
  • ტაილანდი: 137.2 მილიონი დოლარი (2.2%)
  • სლოვენია: 133.7 მილიონი დოლარი (2.2%)
  • სერბეთი: 109.3 მილიონი დოლარი (1.8%)
  • სამხრეთ კორეა: 98.4 მილიონი დოლარი (1.6%)
  • შვედეთი: 76 მილიონი დოლარი (1.2%)

ღირებულების მიხედვით, ამ 15-მა ქვეყანამ 2024 წელს გლობალურად ექსპორტირებული ნაყინის სამ მეოთხედზე მეტი (78.6%) უზრუნველყო.

ვისგან ყიდულობს ნაყინს საქართველო?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 6.84 მილიონი დოლარის ღირებულების 1 241.3 ტონა ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები შეიძინა. მაშინ მთავარი იმპორტიორები თურქეთი და უკრაინა იყვნენ, საიდანაც, შესაბამისად, 1.89 და 1.62 მილიონი დოლარის ღირებულების ნაყინი შევისყიდეთ. TOP ხუთეულში ასევე შედიან საფრანგეთი, რუსეთი და სომხეთი.

გასულ 2025 წელს კი საქართველომ 7.4 მლნ აშშ დოლარის 1 396 ტონა ნაყინი შეიძინა. მთავარი იმპორტიორები ამ შემთხვევაშიც თურქეთი, უკრაინა და რუსეთი იყვნენ.

რაც შეეხება უახლოეს მონაცემებს, 2026 წლის 5 თვეში საქართველომ უკვე შეიძინა 3.6 მილიონის ღირებულების 537 ტონა ნაყინი. მთავარი მომწოდებლები კვლავ თურქეთი, უკრაინა და საფრანგეთი არიან. ხუთეულში რჩება სომხეთიც. რუსეთი კი მეშვიდე ადგილზეა და მის ადგილს ხუთეულში გერმანია იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები