„თოლია“ სანაყინეების ქსელს აფართოებს. როგორც BMG-ის „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა, მალე თბილისში ორი ახალი ობიექტი გაიხსნება.
„სიახლეები ძირითადად სანაყინეების ქსელის მიმართულებით გვაქვს. მალე დამატებით ორი ობიექტი გაიხსნება თბილისში და ასევე, სანაყინეების ქსელში ახალი პროდუქტი - დონატი დაემატა. მოთხოვნა არის და ჩვენთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ ჩვენც არ ვიშურებთ ძალისხმევას ამ მიმართულების განვითარებისთვის“, - განაცხადა „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა.
მისივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს არსებული ფასები შეინარჩუნა. ინდუსტრიული წარმოების ნაყინის მიმართულებით კი მოთხოვნა მზარდია.
„გასულ წელს რა ფასებიც იყო, არ შეცვლილა. ინდუსტრიული ნაყინის მიმართულებით შარშანდელთან შედარებით მოთხოვნის 10%-იანი ზრდაა“, - ამბობს სანდრო ლომთაძე.
კომპანია “თოლია” ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს და ნაყინის დაახლოებით 60-მდე სახეობას აწარმოებს. „თოლიას“ სანაყინეების ქსელი ქვეყანაში 28 ობიექტითაა წარმოდგენილი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.