NBA Europe-ის ფრენჩაიზების შესაძენად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა ორშაბათს ამოიწურა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია NBA-ის გეგმის განხორციელებაში, რომლის მიზანია მილიარდობით დოლარის მოზიდვა და ევროპაში ახალი საკალათბურთო ლიგის შექმნა.
NBA-მ და მისმა ფინანსურმა პარტნიორებმა ბოლო თვეებში მოლაპარაკებები გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათეულობით პოტენციურ ინვესტორთან, მათ შორის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებთან, წამყვან საფეხბურთო კლუბებთან და უმდიდრეს კერძო პირებთან. პარალელურად, მიმდინარეობს ლიგის შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბებაც.
ახალი ჩემპიონატი ამერიკული პროფესიული ლიგების და ევროპული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი მოდელის (შედეგებზე დაფუძნებული ფინანსური ანაზღაურება და ინდივიდუალური სასპონსორო ხელშეკრულებები) შერწყმას წარმოადგენს.
Sportico-ს ინფორმაციით, NBA Europe-ის ოფიციალური სტარტი 2027 წლის ოქტომბერში იგეგმება.
ლიგის საწყის ეტაპზე კაპიტალი თანაბრად გადანაწილდება - 50% NBA-ს ეკუთვნის, ხოლო 50% 12 მუდმივი ფრენჩაიზის მფლობელებს. თუმცა, ლიგის შემოსავლების უდიდესი ნაწილი უშუალოდ კლუბებზე გადანაწილდება, როგორც ფიქსირებული ფინანსური დახმარების, ასევე სპორტული შედეგების მიხედვით განსაზღვრული ბონუსების სახით.
ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, ლიგა 12 მუდმივი ფრენჩაიზითა და ოთხი როტაციული კლუბით დაიწყება, რომლებიც სხვა FIBA-ს ტურნირებიდან მოიპოვებენ მონაწილეობის უფლებას.
NBA მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბებთან ან ინვესტორებთან შემდეგ ქალაქებში: ათენი; ბარსელონა; ბერლინი; სტამბოლი; ლონდონი; ლიონი; მადრიდი; მანჩესტერი; მილანი; მიუნხენი; პარიზი; რომი.
ლიგა ძირითადად დასავლეთ ევროპის ფინანსურად ძლიერ ბაზრებზეა ორიენტირებული.
წყაროების ინფორმაციით, ლონდონისა და პარიზის ფრენჩაიზებზე რამდენიმე შეთავაზება უკვე 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო მთლიანობაში მუდმივი კლუბების გაყიდვით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვა იგეგმება.
საწყის ეტაპზე ამ საერთო შემოსავლების 80%-ზე მეტი კლუბებზე განაწილდება - ნაწილი თანაბრად, ნაწილი კი სპორტული შედეგების მიხედვით.
პირველი ექვსი წლის განმავლობაში კლუბებისთვის 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფიქსირებული და საპრიზო გადახდების განხორციელებაა დაგეგმილი. ამ თანხის მიღებაში როტაციული კლუბებიც თანაბარ პირობებში მიიღებენ მონაწილეობას.
NBA და მისი ფინანსური მრჩევლები ვარაუდობენ, რომ NBA Europe არსებობის პირველ ათწლეულში მოგებიანი გახდება.
როგორც კი ლიგა წმინდა მოგებას მიიღებს, დარჩენილი თანხა აქციონერებს წილობრივი საკუთრების მიხედვით გადაუნაწილდებათ. მაგალითად, თუ ლიგა მეხუთე სეზონში 200 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და აქციები კვლავ 50-50-ზე იქნება განაწილებული, NBA-ის მფლობელებიც და ევროპული კლუბების მფლობელებიც 100-100 მილიონ დოლარს მიიღებენ.




























