ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ “ტორონტო რაპტორსის” ცენტრ ჯონტეი პორტერს ლიგაში თამაში სამუდამოდ აეკრძალა. ასოციაციის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ პორტერი ფსონებს დებდა NBA-ის თამაშებზე, კერძოდ საკუთარ შედეგებზე, რომლითაც ის მანიპულირებდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ადამ სილვერის განცხადებით არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე NBA-ის შეჯიბრების მთლიანობის დაცვა გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის, ვინც დაკავშირებულია კალათბურთთან:
“ჯონტეი პორტერის მიერ ჩვენი თამაშის წესების უხეშ დარღვევას ყველაზე მკაცრი სასჯელი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური სპორტული ფსონები ქმნის გამჭვირვალობას, რაც ხელს უწყობს საეჭვო ან არანორმალური აქტივობის იდენტიფიცირებას, ეს საკითხი ასევე აჩენს მნიშვნელოვან პრობლემებს ამჟამად არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს, მათ შორის ჩვენს თამაშებსა და მოთამაშეებზე შეთავაზებული ფსონების ტიპების სახით. ინდუსტრიის ექსპერტებთან კონსულტაციების გავლით ჩვენ შევეცდებით ასეთი შემთხვევები სრულად აღმოფხვრათ, რადგან ასეთ საკითხებში ლიგა შეინარჩუნებს პრინციპულობას და აბსოლუტურად ყველა დაისჯება სამუდამო ბანით” - განაცხადა ადამ სილვერმა.
აღსანიშნავია, რომ პორტერმა იანვრიდან მარტის ჩათვლით სხვა პირის ანგარიშიდან NBA-ის 13 თამაშზე 15 დოლარი დადო ფსონად და ჯამში 20 ათას დოლარზე დიდი თანხა მოიგო. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა მისი წლიური ანაზღაურება თითქმის სამ მილიონ დოლარს აღწევდა.
როგორც გაირკვა ჯონტაი პორტერი საკუთარი თამაშის დაბალ შედეგიანობაზე ათავსებდა ფსონებს და ამ სქემაში თავისი საახლობლო წრეც ჩართო. მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა პორტერის ნაკლებ ქულიან თამაშზე დაახლოებით 80 ათასი დოლარი განათავსა ფსონად და შედეგად მილიონ დოლარზე მეტი მოიგო, რაც სამორინეს საეჭვო აქტივობად მოეჩვენა და აქედან დაიწყო გამოძიებაც.
ცნობისთვის, ჯონტეი პორტერი NBA-ის ჩემპიონი მაიკლ პორტერ უმცროსის ძმაა, რომელსაც “ტორონტო რაპტორსის” შემადგენლობაში 25 მარტიდან ანუ გამოძიების დაწყების დღიდან აღარ უთამაშია. მანამ სანამ კანადური გუნდი მის უფლებებს სრულად გამოისყიდიდა, პორტერი ამავე კლუბის მეორე შემადგენლობაში 400 ათას დოლარის სანაცვლოდ წარმატებულად ასპარეზობდა, რის შემდეგაც “რაპტორსისგან” მოგვიანებით პროფესიონალური კონტრაქტი დაიმსახურა.