NBA-ის კომისარი ადამ სილვერი და მისი მოადგილე მარკ ტატუმი მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრას მართავენ იმ პოტენციურად დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ჩართულები იქნებიან NBA-ის მიერ დაგეგმილ ახალ ევროპულ საკალათბურთო ლიგაში.
განსახილველ მხარეთა შორის არიან კერძო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო ბანკები, სუვერენული საინვესტიციო ფონდები, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლები და ევროპული საკალათბურთო კლუბები. წყაროს თქმით, სილვერი და ტატუმი შეხვედრებს ლონდონშიც მართავენ — ქალაქში, რომელიც ასევე განიხილება ახალ ლიგაში ერთი გუნდის განთავსების ადგილად. აღნიშნული ლიგა მხარდაჭერილი იქნება NBA-ისა და FIBA-ს მიერ.
მარტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ფიბას გენერალურ მდივან ანდრეას ზაგკლიშთან ერთად ჩატარდა, სილვერმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მფლობელებს შორის "შემსწავლელი ხასიათის“ მოლაპარაკებები ახალ ევროპულ ლიგაზე. სილვერის თქმით, ლიგა დააკომპლექტებს დაახლოებით 12 მუდმივ გუნდს და 4 ადგილს, რომლებიც დადგინდება სხვა ტურნირებში მიღწეული შედეგების მიხედვით.
ამავე პრესკონფერენციაზე ზაგკლიშმა განაცხადა, რომ თუ ევროლიგის გუნდებს ახალ ლიგაში მონაწილეობას შესთავაზებენ, მათ არ მოუწევთ არსებული ტურნირის დატოვება. მათ შეეძლებათ, ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა რამდენიმე მნიშვნელოვან ლიგაში. აღსანიშნავია, რომ ევროლიგასაც აქვს შერეული ფორმატი, რომელშიც არიან როგორც მუდმივი მონაწილეები, ასევე ცვლადი კლუბები.
მომავალი ევროპული ლიგა გამოიყენებს FIBA-ს წესებს და არა NBA-ის სტანდარტებს. როგორც გავლენიანმა გამოცემა Sportico იტყობინება, სავარაუდოდ NBA-ის კლუბების მფლობელები გაიზიარებენ ახალ ლიგაში საერთო მფლობელობას, მაგრამ ინდივიდუალურად არ იქნებიან კონკრეტული კლუბების მფლობელები. ამგვარად, ახალი კლუბები შეიძლება აღმოჩნდეს მიმზიდველი ინვესტიციური შესაძლებლობა კერძო კაპიტალის და სუვერენული ფონდებისთვის, რომელთაც აშშ-ში შეზღუდული წვდომა აქვთ NBA-ს საკუთრებაზე.
ამჟამად, აშშ-ში კერძო საინვესტიციო ფონდებს შეუძლიათ მხოლოდ 20%-მდე წილს ფლობდნენ NBA-ის რომელიმე გუნდში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაწესდება თუ არა მსგავსი შეზღუდვები ევროპულ ლიგაზე.
ადამ სილვერის თქმით, თუ პროექტი შედგა, მისი დაწყება სულ მცირე რამდენიმე წლის შემდეგ არის მოსალოდნელი.




























