NBA-იმ ახალი სეზონი დაძაბული თამაშებითა და რეკორდული მაყურებლებით დაიწყო, რომელსაც Amazon-ის, ESPN/ABC-ისა და NBC-სთან ლიგის ახალი მედია-გარიგებები აძლიერებს. ფინანსური პროგნოზების მიხედვით, ლიგა ელოდება წარმატებულ ფინანსურ წელიწადს, მთლიანი შემოსავალი სავარაუდოდ $14.3 მილიარდი იქნება, რაც წინა სეზონის $12.75 მილიარდთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.
ეს მაჩვენებელი მოიცავს ლიგისა და გუნდების შემოსავალს, გარდა არასაკალათბურთო ღონისძიებებისა, როგორიცაა კონცერტები, რომლებიც ტარდება იმ არენებზე, სადაც კლუბები თამაშობენ ან ფლობენ.
შემოსავლების ზრდა ძირითადად განპირობებულია ლიგის ახალი 11-წლიანი, $76 მილიარდიანი სატელევიზიო კონტრაქტით, რომლის შედეგადაც თითოეული გუნდის სატელევიზიო შემოსავალი $103 მილიონიდან $143 მილიონამდე იზრდება მიმდინარე სეზონში. გადახდა საშუალოდ წლიურად 7%-ით მოიმატებს, რაც ნიშნავს, რომ 2034-35 წლებისთვის თითოეული გუნდი $281 მილიონს მიიღებს, თუ ლიგა 30-გუნდიან ფორმატს შეინარჩუნებს. შედარებისთვის, 40 წლის წინ თითოეული გუნდი მხოლოდ $1.5 მილიონს იღებდა ეროვნული ტელევიზიიდან.
2024-25 წლების სეზონში NBA-ის 30-მა გუნდმა ერთად $12.25 მილიარდი შემოსავალი მიიღო (ანუ საშუალოდ $408 მილიონი თითო გუნდზე), რაც მოიცავს არასაკალათბურთო ღონისძიებებს, მაგრამ გამორიცხავს გარკვეულ თანხებს, რომლებიც რჩება ლიგის დონეზე, ინვესტიციებისა და ოპერაციებისათვის.
შემოსავალი განსხვავდებოდა კლუბების მიხედვით, მაგალითად “Golden State Warriors-მა” $833 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო “Memphis Grizzlies-მა” მხოლოდ $301 მილიონი.
შედარებისთვის NFL-ის გუნდებმა $22.2 მილიარდი გამოიმუშავეს, MLB-ს კლუბებმა - $12.75 მილიარდი, NHL-ის გუნდებმა - $7.7 მილიარდი, MLS-ის კლუბებმა - $2.2 მილიარდი.
ამჟამად NBA-ის საშუალო ფრენჩაიზის ღირებულება $5.51 მილიარდია, რაც 20%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე და 113%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, როდესაც საშუალო ღირებულება მხოლოდ $2.58 მილიარდი იყო.




























