ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ივლისში ახალი მედია ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც 11 წელიწადში 76 მილიარდი დოლარი უნდა გამოიმუშაოს, რაც წინა შედეგზე 2,5-ჯერ მეტია. ამან ასოციაციის სახელფასო ჭერი დიდი ალბათობით უნდა “ამოასუნთქოს” და 10%-ით გაზარდოს, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.
მთავარი შემოსავლის წყარო მოთამაშეებისთვის, საკალათბურთო პარკეტზე გაწეული სამუშაოა, რადგან წესების მიხედვით NBA-ის შემოსავლის 50%-ს სწორედ მოთამაშეები ინაწილებენ, გასულ სეზონში კი ასოციაციამ 13 მილიარდი დოლარი მიიღო.
მაგალითისთვის პირველად, როცა ლებრონ ჯეიმსი ასოციაციის ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშედ დასახელდა, მისი საკალათბურთო შემოსავალი 20,6 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა კი ლიგაში 82 კალათბურთელია ისეთი ვინც ამ შედეგს აჭარბებს.
ზედიზედ მე-11 წელია, ასეთი რეიტინგის სიის სათავეს ლებრონ ჯეიმსი არ თმობს, რომელმაც კალათბურთის თამაშით 48,7 მილიონი, ხოლო სასპონსორო შეთანხმებებიდან 80 მილიონი მიიღო, რითაც გასულ წელს მისმა შემოსავალმა 128,7 მილიონ დოლარს მიაღწია. აღნიშნული თანხა უდიდესია უკანასკნელ 15 წელიწადში და 4,2 მილიონით აღემატება წინა წლის შედეგს.
ჯეიმსი ლიგაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, დეკემბერში 40 წლის ხდება და ამ მაჩვენებლით სულაც სამი მწვრთნელსაც ჯაბნის: “ოკლაჰომა-სითი თანდერის” მარკ დაიგნოტს, “იუტა ჯაზის” უილ ჰარდის და “ბოსტონ სელტიკსის” ჯო მაზულას. გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ მისი ამჟამინდელი მწვრთნელი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში”, ყოფილი თანაგუნდელი ჯეი ჯეი რედიკია, რომელიც ასაკის გათვალისწინებით ლებრონის ტოლია.
სულ პირველად, როცა ლებრონი უმდიდრესი კალათბურთელების სიის სათავეში მოექცა, 2014/15 წლების სეზონში, მისი შემოსავალი 64,6 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ათეულის წევრების საერთო შემოსავალი 368 მილიონი დოლარი იყო. ახლა კი სიის წევრების საერთო შედეგი 787 მილიონია, რაც 2023 წლის შედეგს 36 მილიონით აჭარბებს.
რეკლამებითა და სპონსორებით ათეულის წევრების ანაზღაურებამ 293 მილიონს მიაღწია და რაოდენობრივადაც კალათბურთი არის ის სპორტი, რომელშიც ყველაზე მეტი ათლეტი გამოიმუშავებს ამ მიმართულებით 45 მილიონ დოლარზე მეტს. იგივე ლებრონ ჯეიმსი ($50მლნ), კევინ დურანტი ($50მლნ), სტეფ კარი ($50მლნ) და იანის ანტეტოკოუნმპო ($45მლნ) მდიდრული შეთანხმებებით მოწინავე პოზიციებზე არიან. მათ გარდა 45 მილიონზე მეტს მოედანს მიღმა გლფის ტაიგერ ვუდსი და რორი მაკლროი, ფეხბურთის ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ და ბეისბოლის შოჰეი ოტანი გამოიმუშავებენ.
სტეფ კარი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში ვინც 2023/24 წელს 50 მილიონიანი ბარიერი გადალახა, მაშინ როცა სახელფასო ჭერი 140,6 მილიონ დოლარს აღწევდა. ამჟამად მის რიგებს ჯოელ ემბიიდი, ნიკოლა იოკიჩი, ბრედლი ბილი, ჯეილენ ბრაუნი და ჯეისონ ტეიტუმი შეუერთდნენ. კარი 60 მილიონიან ნიშნულს 2026/27 წლების სეზონში გადაკვეთს, ტეიტუმი 70 მილიონიანს 2029/30 წლებში, რის გამოც საგადასახადო რეკორდების მოხსნას უახლოეს მომავალშიც უნდა ველოდოთ.
2024 წლის 5 ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელის რეიტინგი, ამერიკული გამოცემა ფორბსის მიხედვით, ასე გამოიყურება:
5. დემიენ ლილარდი - $64,8 მილიონი
კლუბი: “მილოუკი ბაქსი”
4. იანის ანტეტოკოუნმპო - $93,8 მილიონი
კლუბი: “მილოუკი ბაქსი”
3. კევინ დურანტი - $99,9 მილიონი
კლუბი: “ფინიქს სანსი”
2. სტეფ კარი - $105,8 მილიონი
კლუბი: “გოლდენ სტეიტ უორიორსი”
1. ლებრონ ჯეიმსი - $128,7 მილიონი
კლუბი: “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი”