ამერიკულ სპორტის სახეობებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი მოთამაშეებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში აქვთ, მათი ანაზღაურება განსაკუთრებით პლეი-ოფის დროს იზრდება.
პლეი-ოფში მოასპარეზე კალათბურთელები წელს ჯამში 34 მილიონ დოლარს მიიღებენ, თუმცა რაოდენობა განსაზღვრული იქნება იმის მიხედვით თუ ვინ უფრო შორს გავა რეგულარული სეზონის შემდგომ რაუნდებში.
თითოეულ გუნდში 15 კალათბურთელი ირიცხება, შესაბამისად მოთამაშეები ინდივიდუალურად 30 ათასიდან მაქსიმუმ 800 ათას დოლარამდე მიიღებენ, რაც გუნდურად თუ დავთვლით 450 ათასიდან 12 მილიონ დოლარამდე თანხას შეადგენს.
ის გუნდები, რომლებმაც რეგულარულ სეზონში უფრო მაღალი პოზიცია დაიკავეს პლეი-ოფში შორს გასვლის შემთხვევაში უფრო დიდ თანხას მიიღებენ. მაგალითისთვის “ბოსტონ სელტიკსის” კალათბურთელები, რომლებმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს, ტიტულის მოგების შემთხვევაში 800 ათას დოლარს დაიმსახურებენ.
კლუბები, რომლებმაც რეგულარული სეზონი მეშვიდე და მერვე ადგილზე დაასრულეს პლეი-ოფში გასვლით ბონუსები არ ეკუთვნით, თუმცა ტიტულის მოგების შემთხვევაში თითოეულ კალათბურთელს 700 ათასი დოლარი გადაეცემა.
ცნობისთვის, 1995 წელს ჩემპიონი “ჰიუსტონ როკეტსი” გახდა, რომელსაც ეკუთვნის ყველაზე დაბალი, მეექვსე პოზიციიდან გამარჯვების რეკორდი. მას შემდეგ ფინალურ ეტაპზე მერვე ადგილზე გასული გუნდებიც ყოფილან, თუმცა გამარჯვება დღემდე ვერცერთმა მოახერხა.
NBA-ის კალათბურთელები პლეი-ოფში უფრო მეტს გამოიმუშავებენ ვიდრე MLB-ის, NFL-ისა და NHL-ის მოთამაშეები. მაგალითად ამერიკულ ფეხბურთში პოსტ სეზონ ტურნირში 45-დან 50 ათას დოლარამდე იღებენ ანაზღაურების სახით, თუმცა ფინალურ სუპერ ბოულში გამარჯვება ინდივიდუალურად 164 ათასით ფასდება, ხოლო მარცხი 89 ათას დოლარად. შესაბამისად ამერიკულ ფეხბურთში მაქსიმალური ოდენობის თანხა, რისი მიღებაც მოთამაშეს შეუძლია 338 ათას დოლარს შეადგენს.
ბეისბოლის პოსტ სეზონში MLB-ის ხელმძღვანელები 39 მილიონს იხდიან, საიდანაც ინდივიდუალურად მოთამაშეებს ნახევარ მილიონზე მეტი ხვდებათ.
ჰოკეის ანაზღაურება შარშანდელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი და პლეი-ოფში 22 მილიონ დოლარს აღწევს, საიდანაც ჩემპიონმა “Golden Knights-მა” 6 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო დამარცხებულმა “Florida Panthers-მა” 3,5 მილიონი დოლარი მიიღო.
ცნობისთვის, NBA-ის საშუალო ხელფასი 10 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე დიდი 52 მილიონიანი შემოსავალი სტეფ კარის გააჩნია. ასოციაციაში სულ 42 მოთამაშეა, რომელიც წლიურად მინიმუმ 30 მილიონ დოლარს იღებს აქედან სამი კალათბურთელი კრისტაფ პორზინგისი, ჯეისონ ტეიტუმი და ჯრუ ჰოლიდეი “ბოსტონ სელტიკსის” რიგებში ასპარეზობენ.