მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NDI: მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია, რათა ბავშვმა ეროვნულები ჩააბაროს

5c4eb9e30b219
BM.GE
28.01.19 12:07
843
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლოების 73% ფიქრობს, რომ კერძო რეპეტიტორის დაქირავება აუცილებელია, რათა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბაროს. 21% მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად რეპეტიტორი საჭირო არაა, მოსახლეობის 5%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 50% აცხადებს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას კარგად ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58%), თუმცა თბილისის მოსახლეობის 57% ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით, მთავრობას ცუდად აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა საშუალოდ (43%), ან კარგად (42%) აფასებს.

მოქალაქეები კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში ოდნავ უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს", - განაცხადა NDI-საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები