თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნეაპოლიტანური პიცერია „ნაპოლი“ საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას აპირებს. ამის შესახებ BM.GE-სთან პიცერიის დამფუძნებელმა მამუკა კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ფილიალი სავარაუდოდ ვერის ტერიტორიაზე გაიხსნება და ექსპრეს ფორმატით იმუშავებს, თუმცა სტუმრებისთვის ადგილზე დაჯდომის შესაძლებლობაც იქნება.
„ამ ეტაპზე ფართის მოძიების პროცესში ვართ და დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ბიუჯეტი დაახლოებით 60 000 ევრო იქნება. პირველ პერიოდებში გვინდა, რომ მაინც მოვსინჯოთ ჩვენი ძალები, როგორ შევძლებთ ფილიალის მართვას. ალბათ თავიდან მხოლოდ პიცებით დავიწყებთ და შემდეგ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც“, - აღნიშნა მამუკა კილაძემ.
ამჟამად „ნაპოლი“ ერთ ფილიალს მართავს, რომელიც უკვე 5 წელია ფუნქციონირებს და როგორც დამფუძნებელი ამბობს, წარმატებით ოპერირებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელი ჯამში დაახლოებით 30 ადამიანს ასაქმებს.




























