იურისტი ლევან ავალიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის „რუსული კანონი“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შესული შესწორებები, რეალურად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებასა და დასავლეთისგან დისტანცირებას ემსახურება.
ამის შესახებ ავალიშვილმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ შექმნა სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს ბლოკავს და ზღუდავს.
ლევან ავალიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ თავიდანვე მკაფიოდ გაიგო, რომ გამჭვირვალობის სახელით შეფუთული ინიციატივები სინამდვილეში საგარეო პოლიტიკის ცვლილებას გულისხმობდა.
ცნობისთვის, პარლამენტმა 15 აპრილს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას. ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
მანამდე კი მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გაამკაცრა "გრანტების შესახებ" კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.
„ეს მთელ საზოგადოებას აზარალებს და, ჩემი აზრით, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. პირველი „რუსული კანონი“ როდესაც შემოვიდა და მას გამჭვირვალობის სახელით ფუთავდნენ, არ გამოვიდა. ყველამ ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ ეს იყო საგარეო პოლიტიკის ცვლილების კანონი, რეალურად ქვეყნის ვექტორის შეცვლა. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში და არა იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსება შეეზღუდათ ან რაღაც გამჭვირვალე გამხდარიყო. ყველამ ბოლომდე გაიგო, რომ საქმე ეხებოდა დასავლური კურსის შეცვლას და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთის მტრად გამოცხადებას“, - აცხადებს იურისტი.
ავალიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „გრანტების კანონი“ იმდენად მკაცრ ჩარჩოებს აწესებს, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც კი, მსგავსი ფორმით არ გვხვდება. მისი თქმით, კანონში ყველა თეორიული ბერკეტი ჩაიწერა, რათა კონტროლი გავრცელდეს როგორც ფიზიკურ პირებზე, ისე ბიზნესზე.
„ეს „გრანტების კანონიც“ და ბოლო ცვლილებებიც ისეთ კონტექსტში მოაქციეს, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც კი, ამ ფორმით არ გვხვდება. მაგალითად, არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურ საქმიანობაში შეზღუდვები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს არც აფრიკაში, არც სხვაგან. ამ კანონების მთელი ეს სისტემა თავიდანვე იყო გაფრთხილებული, რომ გავრცელდებოდა როგორც ფიზიკურ პირებზე, ისე ბიზნესზე და შეზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას. ფაქტობრივად, ყველაფერი ჩაწერეს, ყველა თეორიული ბერკეტი, რაც კი შეიძლებოდა, კანონში მოაქციეს“.
იურისტის შეფასებით, საკანონმდებლო პროცესი ქაოსურად მიმდინარეობს: „ჯერ ყველაფერი აკრძალეს და შემდეგ იწყებენ მის შეკეთებას“.
ავალიშვილი განმარტავს, რომ ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსაც, რადგან ნებისმიერი აქტივობა, მათ შორის სემინარებზე ადამიანების წაყვანა, შესაძლოა გრანტად შეფასდეს და ხელისუფლების დასტურს საჭიროებდეს.
„წარმოიდგინეთ, რომ 10 ადამიანი თუ უნდა წაიყვანოს რომელიმე საელჩომ სემინარზე, შესაძლოა ეს წინასწარ შეთანხმდეს ხელისუფლებასთან, რადგან არსებობს რისკი, რომ ეს გრანტად შეფასდეს. ეს ქმნის ისეთ სისტემას, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს ბლოკავს და ზღუდავს. ფაქტობრივად, აკრძალულია უცხოური დაფინანსება ნებისმიერი ფორმით.
ეს ეწინააღმდეგება ყველა ფუნდამენტურ პრინციპს გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, ბიზნესის თავისუფლებას. ყველაფერი შეზღუდულია. ნებადართულია მხოლოდ ის, რასაც თავად ხელისუფლება ჩათვლის დასაშვებად და რასაც შემდეგ „ეროვნულ ინტერესებად“ მოიხსენიებს. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ეროვნული ინტერესები საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მათ შორის ევროინტეგრაცია, რომელიც მათი ხედვით, როგორც ჩანს, ამ ინტერესებში აღარ განიხილება“, - განაცხადა ლევან ავალიშვილმა.




























