„თიბისი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვები ჭარბი მიწოდების რისკებს არ ქმნის. როგორც კვლევების უფროსი ირინა კვახაძე ამბობს, ტემპი ნორმალიზებულია და მისი ათვისების რესურსი ბაზარს საშუალოდ 3 წლიან პერიოდში აქვს.
„2023 წელს „თიბისი კაპიტალში“ ძალიან აქტიურად ვადევნებდით ნებართვებს თვალს და ვღელავდით, როცა ასეთი სისწრაფით იზრდებოდა ეს რიცხვი, თუმცა ანალიზი რასაც გვიჩვენებს უკვე დასტაბილურებულია. თუკი გაყიდვები გაგრძელდა ნორმალიზებული ტემპით, მაშინ ამ მარაგის გაყიდვას დასჭირდება 3 წელი. 3 წელი კი არ არის ის ვადა, რომელიც საგანგაშოდ ითვლება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არ წარმოადგენს დღეს რაიმე რისკს. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, მიწოდების შემცირებას სხვა ეფექტი ექნება. ის ურტყამს ფასებს, თუკი მოთხოვნა ძლიერია მაშინ ფასები სწრაფად იზრდება და ეს სხვა პრობლემებს წარმოშობს. არსებული მოთხოვნის ფონზე გაცემული ნებართვები ადვილად ასატანია და არ წარმოადგენს საშიშროებას,“ - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.
განახლებული კვლევის პრეზენტაცია "თიბისი კაპიტალმა" BMG-ისა და საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგინა.