რთველი 2025-ის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ოფიციალურად დადასტურდა. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, რომ 2026 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა, რთველის ფარგლებში, განსხვავებული მიდგომით განახორციელოს. "მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება" - წერს სამინისტრო.
რთველის სუბსიდირების გავლენას ყურძნის მოსავლის ხარისხზე BM.GE-სთან რაჭული მეღვინეობა "ღვინუკას" დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, სუბსიდირების პრაქტიკა ისედაც შესაცვლელია, თუმცა ამ პროგრამიდან ერთბაშად გამოსვლა რაჭველი მევენახეებისთვის, შესაძლოა, ხელსაყრელი არ იყოს.
"აქამდე არსებული პრაქტიკა, რაც გულისხმობდა სუბსიდირებას, ჩემი აზრით, არ იყო მთლად სამართლიანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ხარისხის ყურძენი იღებდა ერთი და იმავე სუბსიდირებას და მევენახეს არ ჰქონდა არანაირი მოტივაცია, რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა. ის გარანტირებულად იღებდა სუბსიდირებას, მიუხედავად ხარისხისა.
მეორე მხრივ, რაჭის მაგალითზე, 2012-13 წლიდან სუბსიდირება მოქმედებს, შესაბამისად, ასე მარტივად აქედან გასვლა, სულ მცირე, ფასების შემცირებას გამოიწვევს, თუ რამე სხვა საკანონმდებლო ინიციატივა არ შემოვიდა, რაც ამ ფასს დაარეგულირებს. მარტივი არ იქნება მევენახეებისთვის ფასების შემცირება.
ნებისმიერ შემთხვევაში, არსებული პრაქტიკა შესაცვლელია, ყველა მევენახეზე, მიუხედავად ხარისხისა, ერთნაირი სუბსიდირება არ უნდა გაიცეს. ვისურვებდი, რომ, სუბსიდირება თუ რჩება, მოხდეს ხარისხის მიხედვით, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა სხვა წამახალისებელი მიმართულებები, როგორიც არის, მაგალითად, მევენახეების მცირე მარნებად ქცევა, რათა ადგილზევე შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დოვლათი და რეგიონიდან არა ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზება მოხდეს", - აღნიშნა ზუკა მაისაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო
სუბსიდია გაიცემა.




























