საკონდიტრო ბრენდმა „ფუსფუსი“ წინასააღდგომოდ პასკების ცხობა უკვე დაიწყო.
ბრენდის დამფუძნებელი, ნათია ყურშუბაძე BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წელს აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება, სააღდგომო პასკებზე შეკვეთების მიღება ოფიციალურად 13 თებერვალს დააანონსა. მისი თქმით, ამ დღიდან მოთხოვნა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და შეკვეთები ყოველდღიურად ემატება, მათ შორის კორპორატიული სეგმენტიდანაც.
ყურშუბაძის თქმით, ბრენდი წინასააღდგომო პერიოდში ტრადიციულად სადეგუსტაციო პასკებს აცხობს, რაც მას ერთგვარ „წვრთნად“ მიაჩნია : „მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით პასკა მაქვს გამომცხვარი, ყოველ წელს მაინც მაქვს წინასააღდგომო ღელვა. პასკა არ არის მარტივი პროდუქტი, რომ არ ინერვიულო. უკვე დავაანონსე შეკვეთების მიღება და ყოველდღიურად შემოდის ახალი შეკვეთები, მათ შორის კორპორატიულებიც“, - ამბობს ყურშუბაძე.
როგორც ის განმარტავს, მიუხედავად ნედლეულის მკვეთრი გაძვირებისა, ბრენდის დამფუძნებელს პასკის ფასი არ გაუზრდია. მისი თქმით, გადაწყვეტილება ფასის შენარჩუნებაზე მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„ყველაფერი გაძვირდა, რაც პასკას სჭირდება, მათ შორის კვერცხი, ქიშმიში და ა.შ. მაგრამ მე პასკა მაინც არ გავაძვირე. ჩემთვის უხერხულია, ყოველწლიურად გაძვირებული პროდუქტი შევთავაზო ჩემს „ფუსფუსელებს“. ფასი იგივე დარჩა - 650-გრამიანი პასკა 45 ლარი ღირს“, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.
რაც შეეხება წინასწარ პროგნოზებს, ყურშუბაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელი შედარებით პასიური იყო და წინა წლებთან შედარებით შეკვეთების შემცირება შეინიშნებოდა, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა. თუმცა, მისი შეფასებით, 2026 წლის დასაწყისში მდგომარეობა გაუმჯობესდა : „ეს უკვე ახალ წელს დავინახე – გოზინაყებზე რეკორდი მოვხსენი. რაც შეეხება პასკებს, პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა. სანამ არ დავწერ, რომ შეკვეთების მიღება დასრულდა და უშუალოდ ცხობის ეტაპზე არ გადავალთ, რთულია ზუსტი შეფასება. სააღდგომო პერიოდის შემდეგ უკვე შემეძლება უფრო თამამად ვილაპარაკო შედეგებზე“, – აცხადებს ნათია ყურშუბაძე.




























