მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნედლეულის გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასს 10%-ით მოვუმატეთ" – „ელმა“

64628d758faec
ნანუკა ნარიმანიძე
16.05.23 22:38
726
ორგანული პროდუქტებისგან წარმოებულ თავის მოვლის პროდუქტების ბრენდს „ელმას“ პროდუქტის გაძვირება 10%-ით მოუწია. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა მაკო მახარობლიძემ BM.GE-სთან თქვა, აღნიშნული ზრდა ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. 

„თავის მოვლის და სილამაზის სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა, ძალიან ბევრი ბრენდია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური,გვიწევს ძალიან დიდი შრომის ჩადება ნდობის მოსაპოვებლად, დროის და ფინანსების ხარჯვა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს უფრო დიდი ყურადღება მიექცეს ამ სფეროს და წინ წამოიწიოს ადგილობრივმა წარმოებამ, რადგან ხელნაკეთი, ბუნებრივი პროდუქტები განსხვავდება ქიმიური (ქარხნული) წარმოებისგან.

ნედლეულის მომწოდებლები გვყავს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ინდოეთიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და აფრიკიდან, ვინაიდან ბოლო წლებში ნედლეულის ფასმა აიწია, მოგვიწია პროდუქციაზე ფასების მომატება“, - აღნიშნავს აკო მახარობლიძე.

მისი თქმით, ბრენდის შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა და „ელმა“ უკვე ორი წელიწადია, რაც ბაზარზე ოპერირებს.

„პანდემიის დროს ძალიან გაგვიმარტივდა ონლაინ პლატფორმებზე ვაჭრობის დაწყება, ამ პირობებში მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაცია დავამყარეთ, დავიწყეთ საპნის წარმოებით და დღეს უკვე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“, - დასძინა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მაკო მახარობლიძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ბევრი სიახლე და გეგმები აქვთ:"გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან სავაჭრო ფართთან დაკავშირებით, ვფიქრობთ სტენდების დამატებას, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული“.

ცნობისთვის, „ელმას“ პროდუქცია თბილისში, მცირე საწარმოში მზადდება, ბრენდი 5 000 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა და ის 3 ადამიანს ასაქმებს. ამ ეტაპზე პროდუქცია ხელმისაწვდომია სამ ადგილას - აფთიაქებში, ფასდაკლებების საიტებზე და სხვა ონლაინ პლატფორმებზე. კომპანია აწარმოებს როგორც ცალკეულ პროდუქტებს, ასევე სასაჩუქრე ნაკრებებსა და კორპორატიულ შეკვეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები