კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა - აგრო ჩოხატაური“ - "ნენას“ ბრენდით სეზონური ხილისგან ახალი პროდუქტების წარმოებას იწყებს. კერძოდ, საწარმოში მაყვლის, ჟოლოსა და თეთრი ბალის კომპოტებს და მურაბებს დაამზადებენ. ამის შესახებ Bm.ge-ს შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა - აგრო ჩოხატაურის" პროექტების მენეჯერმა გია სალუქვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალი პროდუქტები საქართველოს ბაზარზე თვის ბოლოს გამოჩნდება.
"ჩვენ მაყვალს მოსახლეობიდან ვერ ვიღებთ, რადგან ცოტა რაოდენობითაა, ეხლა შემოვიდა უეკლო მაყვალი, რომელიც დიდი ზომის და ჯანსაღი იზრდება, მას კოოპერატივისგან ვყიდულობთ, თუ ამას მოსახლეობა დარგავს თავის საკარმიდამო ნაკვეთებში და მოიყვანს მოსახლეობისგანაც ჩავიბარებთ. რაც შეეხება თეთრ ბალს და ჟოლოს, ამჟამად კახეთიდან შემოგვაქვს. სეზონზე 30-40 ათასი ქილის წარმოებას ვგეგმავთ, ეს ნედლეულის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ მაცივარში არ ვინახავთ, ახლად მოკრეფილი ხილით ვამზადებთ პროდუქციას, რადგან ის შენახვის შემდეგ ხარისხს კარგავს. კომპოტები ლიტრიან ქილებში ჩამოისხმება, მურაბები კი 300 გრამიანი შეფუთვით გამოვა“ - განაცხადა გია სალუქვაძემ.
ახალი პროდუქცია საცალო ქსელში ივნისის ბოლოს გამოჩნდება, ის ყველა დიდ სუპერმარკეტში გაიყიდება. კომპოტები და მურაბები 3-დან 4 ლარამდე ეღირება.
ხილის გადამამუშავებელი საწარმო "ნენა“ გურიაში, ჩოხატაურში 2015 წელს გაიხსნა. ამჟამად კომპანაია რამდენიმე დასახელების პროდუქციას, კერძოდ კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებსა და წვენებს აწარმოებს.

























