ნენსკრა ჰესის განმახორციელებელი კომპანია სვანეთში სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას იწყებს.სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. დაფინანსდება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ხელი შეეწყობა სოციალური საწარმოების განვითარებას, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და ა.შ. მემორანდუმი 4-წლიანია, ინვესტიციის ოდენობა კი ეტაპობრივად - ჭუბერისა და ნაკრას საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. დასაფინანსებელი პროექტები უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით შეირჩევა. კერძოდ, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მოხდება იმ პრობლემების გამოვლენა რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც ნენსკრა ჰესის თანმხლები საინვესტიციო პროექტის, ე.წ. „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში, პროფესიული განათლების დაფინანსებას და მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ განხრით „ნენსკრა ჰიფრომ“ უკვე 2017 წელს დაიწყო მუშაობა, მაგალითად, განხორციელდა მდინარე ნაკრას ორი შენაკადის კალაპოტის გასუფთავება წყალდიდობის პრევენციის მიზნით.
მემორანდუმის დეტალებზე BMG-სმესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ესაუბრა:
- კონკრეტულად რას გულისხობს ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი და რა გავლენას იქონიებს ის ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობაზე?
- დაახლოებით 2 წელიწადი მიმდინარეობდა მოსახლეობის პრობლემების შესწავლა. გამოკითხვის შედეგად მოხდა სოფლის მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა. ინდივიდუალური პრობლემები საკმაოდ ბევრი იყო. იმისთვის, რომ ეს დაფინანსება სწორად დაიხარჯოს და მოსახლეობამ სწორი შედეგი მიიღოს, გაფორმდა მემორანდუმი. მასში სამი მხარეა მონაწილე: ჩვენ, მოსახლეობა და ნენსკრა ჰესის განმახორციელებელი კომპანია, ამოსავალი წერტილი კი მოსახლეობაა. ჩვენ ვიქნებით გამტარი რგოლი, რომელიც მოსახლეობის პრობლემას მიიტანს კომპანიამდე. ჩვენ თავის მხრივ ვიღებთ შესწავლისა და პროექტირების ვალდებულებას. გვსურს პროცესი იყოს საჯარო და არ იყოს ვინმეს ინტერესზე მორგებული.
-რა არის ძირითადი პრობლემები, რომელიც დღეს სვანეთის მოსახლეობის წინაშეა?
- პირველ რიგში ეს არის წყალი, კანალიზაცია და გზა. ეს არის მთელი სვანეთის პრობლემა, გარდა დაბა მესტიისა და უშგულისა. ჩვენ აქცენტი გვაქვს ტურისტულ განვითარებაზე, ნაკრასაც დაჭუბერსაც ტურისტულად განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. პირველი ქართული თეთრის ხაზინა სწორედ ჭუბერში მდებარეობდა, მეხუთედან მესამეათასწლეულამდე თარიღდება პირველი ქართული თეთრი. ალექსანდრე მაკედონელისდროინდელი მონეტების ნაწილიც ჭუბერშია ნაპოვნი. ასეთი ცივილიზაციის აკვანი იყო ჭუბერი, ამიტომ კარგი და საინტერესო ადგილია ტურისტულად. ნენსკრაჰესის განმახორციელებელმა კომპანიამ მოსახლეობა გადაამზადა, რათა საოჯახო ტიპის სასტუმროები მოაწყოს მოსახლეობამ. გარდა ამისა, პრობლემები არის საზოგადოებრივი თავშეყრისადგილებზე, მაგალითად სპორტდარბაზებისა და საბავშვო ბაღის კუთხით. აშენდება მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება კულტურის სახლი, ამბულატორიის ოთახი, ბიბლიოთეკა და რწმუნებულის ოთახი, რათა თემის მოსახლეობამ შეძლოს რწმუნებულთან შეხვედრა. ასევე, საუბარია სვანეთის ინტერნეტიზაციაზეც. ინტერნეტიზაცია დაიწყო მთათუშეთში და შემდეგი ამ კუთხით, სავარაუდოდ, სვანეთი იქნება.
-როგორც ვიცით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამებიც. კერძოდ, რას ითვალისწინებს ეს და ვისთვის იქნება ის ხელმისაწვდომი?
- ბენეფიციარები იქნებიან ნაკრას და ჭუბერის მოსახლეობა, თუმცა, შესაძლოა მიმდებარე თემის მოსახლეობამაც მიიღოს მონაწილეობა. ჰესის მშენებლობაზე მოსახლეობა უნდა დასაქმდეს, მათ გადამზადებას კი თავის თავზე კომპანია იღებს. მესტიაში გვაქვს პროფ სასწავლოცენტრი, სწავლების ნაწილი სწორედ ამ ცენტრში მოხდება, ნაწილი კი, შესაძლოა, ზუგდიდის ცენტრში ჩატარდეს.
- დაგეგმილია სოციალური საწარმოების განვითარებაც, თქვენ რომელი მიმართულებით ხედავთ აღნიშნულ სოფლებში პოტენციალს ამ მიმართულების განვითარების კუთხით?
- ჩვენ უამრავი რესურსი გვაქვს, მაგალითად პოტენციალია ჩაის გადამუშავების, კენკროვანი მცენარეების და ნარჩენების კუთხით, რათა მეორადი გადამუშავებით სამშენებლო მასალების გამოყენება კიდევ ერთხელ მოხდეს. ვფიქრობთ, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასაც. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს მოსახლეობასთან, რათა მათვე გამოთქვან სურვილი. თუ მოსახლეობას არ აქვს სურვილი საქმე არ გაკეთდება. შეირჩევა შრომისუნარიანი მოსახლეობის ჯგუფი. სვანეთი განვითარების სწორ გზას ადგას და სულ უფრო მეტად ვითარდება. გაიზარდა ტურისტული მარშრუტებიც და ტურისტების რაოდენობაც იზრდება რეგიონში.
- თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ხელს ადგილზე ნენსკრა ჰესის მშენებლობა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას?
- ნენსკრა ჰესის მშენებლობას თავიდანვე ვეთანხმებოდი. საქართველოს მუნიციპალიტეტები დამოკიდებული არიან გამოთავისუფლებულ ტრანსფერზე და შესაბამისად დამოკიდებულებივართ სახელმწიფო ხაზინაზე. ჩვენ ჰესის დასრულების შემდეგ მინიმუმ 12 მლნ ლარი შემოგვივა წლიურად, ქონების გადასახადის სახით. დღეს ჩვენი ბიუჯეტი 7 მილიონი ლარია, მცირე ჰესებმა და ნენსკრამ მხოლოდ შარშან 2 მლნ ლარის ქონების გადასახადი შემოგვიტანა. ადგილობრივ თვითმართველობას შესაძლებლობა უჩნდება რომ თავად გააკეთოს პროექტები სხვადსხვა სოფლებში. ასე მაგალითად ყველა პირს, ვინც ჩვენი მუნიციპალიტეტიდან უნივერსიტეტში ჩაირიცხება თანადაფინანსებას ვუწევთ სწავლის საფასურის გადახდის პირველ წელს.