„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ტემპს იკრებს. იწყება საოპერაციო სოფლის (ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი) მშენებლობა, რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი.
საოპერაციო სოფელში "ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა ჰესის საკუთრებაში დარჩება.
ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს დამატებით გეოლოგიური კვლევები. ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

























