თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, დოდო აბაშიძის ქ.10-ში კომპანია „ნეოსითილაითი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის აშენებას გეგმავს. შესაბამის პროექტზე თბილისის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი დაამტკიცა.
სხდომაზე საკითხის წარდგენისას თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ განაცხადა, რომ შენობების სართულების რაოდენობა და სიმაღლე განაშენიანების გეგმის რეგულირების პროცესში დაზუსტდება.
„პროექტის ჯამური ფართი 11 893 კვ.მ. ტერიტორია ვითარდება საცხოვრებელი ზონა 6-ით, სადაც განთავსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიული საბჭოს მიერ შეთანხმებულია რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების ეტაპზე დადგინდება შენობების ზუსტი რაოდენობა, სიმაღლე და სართულიანობა“, - აღნიშნა ჩიტიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტს კომპანია „ნეოსითილაითი“ ახორციელებს, რომელიც ბიზნეს რეესტრის მიხედვით, მიმდინარე წლის 19 ივნისს არის დაფუძნებლი და მის 100%-იან წილს ასევე მიმდინარე წლის 2 მაისს დაფუძნებლი კომპანია „მეზონ ბალკი“ ფლობს, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მმართველი მარიამ დოლიძეა.
BM.GE-ი დეველოპერული პროექტის საინვესტიციო ღირებულებისა და სხვა დეტალების გასარკვევად კომპანიასთან დაკავშირებას შეეცდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























