ნეპალის მთავრობა აცხადებს, რომ მათი ვალია, ჰიმალაის მთები, განსაკუთრებით ევერესტი, კლიმატის ცვლილებისა და მთამსვლელთა გაზრდილი რაოდენობის რისკებისგან დაიცვან. როგორც ნეპალის ტურიზმის მინისტრმა ბადრი პრასად-პანდიმ განაცხადა, ნეპალი დიდ ძალისხმევას ჩადებს მთამსვლელთა უსაფრთხოების დასაცავად, დაიცავს მთების ბუნებრივ სილამაზეს და ადგილობრივ თემებს. ამის შესახებ პრასად-პანდიმ ერთდღიან კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ევერესტზე წარმატებით ასულ მთამსვლელებს აერთიანებდა.
საქმე ისაა, რომ მთამსვლელები, ევერესტზე ასვლამდე, როგორც წესი, რამდენიმე კვირას ატარებენ საბანაკო ბაზაში, რათა აკლიმატიზაცია გაიარონ. ნეპალის მთავრობის განცხადებით, გასულ წელს ამ ტერიტორიიდან დაქირავებულმა გუნდებმა 11 მილიონი ტონა ნაგავი, ოთხი ადამიანის ცხედარი და ჩონჩხის ფრაგმენტები გამოიტანეს. ტურიზმის მინისტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მთამსვლელები საფრთხეს უქმნიან მთათა სისტემას და მოგზაურებს მეტი სიბრძნისა და პატივისცემის გამოჩენა მოეთხოვებათ. მისივე თქმით, მთები წმინდა ადგილია, რომელთა დაცვაც ნეპალის მომავალი თაობების ვალდებულებაა.
ევერესტი პირველად 1953 წელს, ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და მისმა თანამგზავრმა დაიპყრეს. მას შემდეგ მთა ათასობით მოხალისემ დაიპყრო, ყოველწლიურად მსურველთა რაოდენობა კი სწრაფად იზრდება. გაზრდილი მოთხოვნა დიდ რიგებს და გაზრდილ რისკებს უკავშირდება. ჭარბ ტურიზმთან ერთად პრობლემაა მთამსვლელთა გამოცდილებაც. პროფესიონალი მთამსვლელები აცხადებენ, რომ ევერესტი ზედმეტად კომერციალიზირებულია, თუმცა ყველა მსურველს არ აქვს ფიზიკური და ემოციური მზაობა იმისთვის, რომ მთა დაიპყრონ, რაც პროცესს პროფესიონალებისთვისაც ართულებს.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მთაზე ცოცვის ხანგრძლივობის შემცირება ევერესტის ზიანსაც შეამცირებს, რადგან მთავარი პრობლემა მაინც ის ბანაკებია, სადაც ადამიანები 8 კვირამდე დროსაც კი ატარებენ. ამ ვადის 1-კვირამდე შემცირება კი დაბინძურებასაც აღმოფხვრის.




























