მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნერგეტას" დამფუძნებელი: გამგებლებს, გუბერნატორებს, პოლიციის უფროსებს თავი სასულთნოებში ჰგონიათ

5bd80ccb6b8e2
თამუნა დემეტრაშვილი
30.10.18 11:46
1874
კომპანია "ნერგეტას" დამფუძნებელი კოტე ვეკუა მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის მეტი კონკურენცია უნდა იყოს და მმართველი ძალა უკონტროლო არ უნდა იყოს.

"მე როგორც მოქალაქეს, არ მაწყობს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია თავს გრძნობდეს უკონტროლოდ და ის არ გრძნობდეს ძლიერი კონკურენტის მძიმე სუნთვას ზურგს უკან. საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი, ამ პერიოდში უნდა გაიზაროდს კონკურენცია, რომ ამომრჩეველმა აქედან რაც შეიძლება მეტი მიიღოს. ჩვენ ამას არ უნდა ვუყუროთ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას, ან "ევროპული საქართველოს" გამარჯვებას, უნდა შევხედოთ, რას მივიღებთ ამით ჩვენ, - ამომრჩევლები, რას გააკეთებენ ჩვენთვის, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი', - განაცხადა ვეკუამ გადაცემაში "საქმიანი დილა".

მისი შეფასებით, ადგილობრივი მმართველობის დონეზე ჩინოვნიკები "სულთნებივით“ იქცევიან და ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა ხელისუფლების დროს მმართველ პარტიას დიდი უმრავლესობა ჰქონდა.

"მათ გამგებლებს, გუბერნატორებს, პოლიციის უფროსებს თავი პატარა სასულთნოებში ჰგონიათ და არანაირი კონტროლი არ არის. მე ვხედავ ყოველ დღე, რომ პოლიციის ხელმძღვანელობა თვითონ დადის ნასვამი, თვითონ ისვრის ასაფეთქებელს მდინარეში თევზის დაჭერის მიზნით, კვეთს უწყვეტ ხაზს გზაზე, ბევრჯერ მინახავს ქუთაისში, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე როგორ მისწრებენ პარლამენტარები 160 კმ/სთ სიჩქარით იქ, სადაც გასწრება არ შეიძლება", - განაცხადა ვეკუამ.

მისი თქმით, რეალურად არცერთი პარტია მის ნდობას არ იმსახურებს, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ადამიანების ფენა არავის ახსოვს.

"ჩემთვის არცერთ პარტიას არ მოუცია მიზეზი, რომ ხმა მიმეცა. საარჩევნო პერიოდში არავინ საუბრობს იმ ადამიანებზე, ვინც მცირე კაპიტალითა და საკუთარი ძალებით ცდილობს საქმე წამოიწყოს. "ომეგას" ჩანაწერებშიც ყველამ პოლიტიკა დაინახა, არავის უთქვამს... მაგალითად, შენ კოტე, იმიტომ ვერ იზრდები, რომ ზემოთ ყველაფერი მსხვილ ბიზნესსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს აქვთ განაწილებული და ბაზარი თავისუფალი არ არის. მხოლოდ ავანსის სახით და იმიტომ რომ კონკურენცია ჩემთვის მნიშვნელოვანია, წავედი არჩევნებზე", - განაცხადა ვეკუამ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უსამართლობაა, რომელიც სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს, როცა გარკვეულმა ფენამ სახელმწიფო ქონება პრივატიზაციის შედეგად გაინაწილა.

"ქონება დაითრია ამ ხალხმა. დღევანდელი მსხვილი ბიზნესი მთავრობის გარეშე ვერაფერს მიიღებდა და დღესაც გენეტიკურ დონეზე დევს მათში, რომ მთავრობებთან გარიგებების გარეშე არ შეუძლიათ არსებობა. ეს კი საშუალო და მცირე ბიზნესს პრობლემებს უქმნის", - აღნიშნა "ნერგეტას" დამფუძნებელმა.

მისი თქმით, უკონტროლობა, ყოველთვის იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ქვეყანაში ეს კონტროლის მექანიზმები შესაქმნელია. ვეკუა მიიჩნევს, რომ ამ პროცესში თითოეული მოქალაქის წვლილი უნდა იყოს და მათ უნდა გაითავისონ, რომ აქვთ უფლება ჩინოვნიკებს მოსთხოვონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები