მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nestle 16 000 სამუშაო ადგილს გააუქმებს - რა გეგმები აქვს ახალ CEO-ს?

Nestle

საკვებისა და სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი Nestle, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სამუშაო ძალას 16 000 თანამშრომელით შეამცირებს - ამის შესახებ ინფორმაცია KitKat-ისა და Nescafe-ს მფლობელმა კომპანიამ თავად გაავრცელა და მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაციის და გაყიდვების ზრდის სურვილი დაასახელა.

შვეიცარიაში ბაზირებული მრავალეროვნული კომპანია თეთრსაყელოიან თანამშრომელთა სეგმენტს 12 000-ით, წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში ფიზიკურად ჩართულ თანამშრომლებს კი - 4 000-ით შეამცირებს; მათი ჯამური რაოდენობა Nestle-ს გლობალური სამუშაო ძალის 6%-ს აღწევს.

"სამყარო იცვლება და Nestle უფრო სწრაფად უნდა შეიცვალოს. ეს გულისხმობს რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას თანამშრომელთა რაოდენობის შესამცირებლად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამას პატივისცემითა და გამჭვირვალობით გავაკეთებთ", - განაცხადა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპ ნავრატილმა.

ნავრატილმა, რომელმაც გასულ თვეში ლორან ფრეიშე, თანამშრომელთან რომანტიკული ურთიერთობის გამჟღავნების გამო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ შეცვალა, ფულის გასათავისუფლებლად წინამორბედის ხარჯების დაზოგვის გეგმა წარადგინა.

კომპანია, რომელიც სამომხმარებლო საქონლის ბრენდების მსხვილ პორტფოლიოს, მათ შორის Häagen-Dazs-ის ნაყინს, Nespresso-ს ყავის კაფსულებს და კატის საკვებ Purina-ს ფლობს, 2027 წლისთვის 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის დაზოგვას შეეცდება.

ფრეიშეს გათავისუფლებამ, რასაც ორი კვირის შემდეგ თავმჯდომარის, პოლ ბულკეს, გადადგომა მოჰყვა, Nestle-ს დესტაბილიზაცია გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კომპანია ზრდის ხელშეწყობისა და ვალის შემცირების მოთხოვნით ისედაც მკვეთრი წნეხის ქვეშ იყო.

"უფრო თამამად ვიმოქმედებთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებისა და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, რათა უზრუნველვყოთ დაჩქარებული ზრდა და ღირებულების შექმნა. ჩვენ ვქმნით კულტურას, რომელიც ითვალისწინებს შესრულებისადმი დამოკიდებულებას, არ ეგუება ბაზრის წილის დაკარგვას", - თქვა ნავრატილმა.

წლის პირველ ცხრა თვეში Nestle-ს გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 1.9%-ით 65.9 მილიარდ ფრანკამდე შემცირდა. კომპანიის თქმით, ეს, ძირითადად, ვალუტის კურსის 5.4%-იანი კლების გავლენით იყო გამოწვეული და სინამდვილეში გაყიდვები ორგანულად 3.3%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები