საკვები პროდუქტების მწარმოებელმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა კომპანია Nestlé-მ აღმასრულებელი დირექტორი, ლორენტ ფრიში თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას წინ შიდა-სამსახურეობრივი გამოძიება უძღოდა, რომლის მიზანიც იყო იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ფრიშს სასიყვარულო ურთიერთობა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთან. დადგინდა, რომ აღმასრულებელ დირექტორსა და კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის რომანტიკული კავშირი არსებობდა.
ცხადია, ეს სხვა არაერთი კომპანიის შემთხვევაში პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა საქმე Nestlé-ს შინაგანაწესის დარღვევასთან გვაქვს. როგორც ირკვევა, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან სასიყვარულო ურთიერთობის ქონა ეკრძალებათ, რადგან ეს Nestlé-ს ბიზნესის წარმოების კოდექსს არღვევს.
საგამოძიებო მოქმედებებმა, რომელსაც კომპანიის ბორდის ხელმძღვანელი, პოლ ბულკი და დამოუკიდებელი დირექტორი, პაბლო ისლა უძღვებოდნენ, დაადგინა, რომ ლორენტ ფრიშმა Nestlé-ს ეთიკის სტანდარტები დაარღვია და თანამდებობის დაკავების უფლება აღარ ჰქონდა.
გადამდგარ ხელმძღვანელს Nespresso-ს ყოფილი მმართველი და Nestlé-ს აღმასრულებელი რგოლის წევრი, ფილიპ ნავრატილი ჩაანაცვლებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებული კოდექსის გადახედვა არ იგეგმება და ნებისმიერ პირს, განურჩევლად თანამდებობრივი სიმაღლისა, მომავალშიც სრული სიმკაცრით დასჯიან.
ცნობისთვის, ლორენტ ფრიში Nestlé-ს აღმასრულებელ დირექტორად 1 წლის წინ დაინიშნა. ის კომპანიაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა დაშვებული შეცდომის გამო ის კომპანიისაგან სამსახურიდან წასულთათვის განკუთვნილ ფინანსურ პაკეტსაც კი ვერ მიიღებს.




























