ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ "ჰეზბოლას" წევრების პეჯერები ისრაელმა ააფეთქა.
მიმდინარე წლის სექტემბერში, სირიის და ლიბანის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფეთქების შედეგად ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფის და პოლიტიკური პარტიის — “ჰეზბოლას” წევრების კუთვნილი პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რამაც 39 ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით დაასახიჩრა. როგორც იმ დროს მედიაში დაიწერა, თავდასხმის უკან ისრაელი იდგა, მაგრამ ამ დრომდე, ანუ მანამ, სანამ ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ განაცხადებდა, ეს ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო.
“პეიჯერების ოპერაცია, ისევე, როგორც ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ქვეყნის თავდაცვითი ბლოკის მაღალჩინოსნების და მაღალი პოლიტიკური ეშელონის წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად წარიმართა”, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის სხდომაზე, რის შესახებაც ადგილობრივი მედია იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ჰასან ნასრალას შემდეგ, რომლის ლიკვიდაცია სექტემბრის ბოლოს შედგა, ისრაელის ჯარმა HAMAS-ის ლიდერი და შვიდ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის ორგანიზატორი, იაჰია სინვარი მოკლა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმ დროს განაცხადა, იაჰია სინვარის სიკვდილით, ისრაელმა HAMAS-ის შემდგომი პერიოდისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ მისია, რომელიც ქვეყანამ დაისახა, მისი თქმით, ჯერ არ დასრულებულა.