ონლაინსესხების კომპანიის „ნეტკრედიტის“ ოპერაციების მენეჯერი ზვიად აიწურაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ ადასტურებს, რომ ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველს მაია მელიქიძეს შეხვდნენ.
"პრეზიდენტისთვის ვეტოზე თხოვნა არ ყოფილა, უბრალოდ შედგა კომუნიკაცია მხარეებს შორის", - განაცხადა ზვიად აიწურაძემ "ბიზნესკონტრაქტთან".
მისივე განმარტებით, ბიზნესისთვის პრეზიდენტის ვეტო არ არის თვითმიზანი, თუმცა, ახალ რეალობაზე მორგებას დრო ნამდვილად სჭირდება.
აიწურაძის განცხადებით, მათი მთავარი წუხილი ორი მიმართულებითაა: პირველი, "ბიზნესი ცაიტნოტშია" და არ აქვს დრო ახალ რეალობაზე მოსარგებად და მეორე, საკანონმდებლო ცვლილებები მტკივნეულია ამ სფეროში მოქმედი ბიზნესისთვის.
„ცვლილებები მიღებულია 30 დეკემბერს, რომლებზე განხილვა ბიზნესსექტორთან მანამდე არ ყოფილა. მოგეხსენებათ, 2 დღეში დაჩქარებული წესით მოხდა მიღება. ჩვენი მთავარი წუხილი არის ის, რომ ბიზნესს არ ეძლევა ადეკვატური დრო ცვლილებებზე მოსარგებად. თუ კანონს ხელი მოეწერა, ის ძალაში შედის უკვე ორშაბათიდან. ბიზნესი კი აღმოჩნდება იმ რეალობაში, როცა მორგების დრო არ გვაქვს. პრაქტიკულად ცაიტ-ნოტში ვართ.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორია ეს კანონი, რამდენად ცუდია, მაგრამ უნდა იყოს ადეკვატური დრო, რომ მოახერხო კანონზე მორგება. ეს თუ ასე არ იქნება, ეს იქნება უარყოფითი სიგნალი ამ ბიზნესისთვის. რეალობა ისაა, რომ პოსტ ფაქტუმ მოგვიწია ამაზე მუშაობა და ინფორმაციის მოძიება შესაბამისი ორგანიზაციებისგან“,- აცხადებს აიწურაძე.
მისივე თქმით, მეორეა შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეწინააღმდეგება.
"კანონი არეგულირებს ფასწარმოქმნის ნაწილს, ანუ ეუბნება ბიზნესს, რომ დაადოს ესა თუ ის ფასი. თუ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი ბაზრის პრინციპებში, მაშინ, ეს მიდგომა ამ პრაქტიკასთან კონფლიქტში მოდის“,- აცხადებს "ნეტკრედიტის" წარმომადგენელი.

























