მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ისთვის მოულოდნელად, WBD-მ Paramount-ის შეთავაზებას მხარი დაუჭირა

wbd

კინოინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Warner Brothers Discovery-ს შესყიდვის მიზნით Paramount Skydance-სა და Netflix-ს შორის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. WBD-მ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ტედ სარანდოსის უმსხვილეს სტრიმინგ პლატფორმას აქტიურად უჭერდა მხარს, მოულოდნელად განაცხადა, რომ მულტიმილიარდელი ლარი ელისონის შვილის, დევიდ ელისონის Paramount Skydance-ის განახლებული შეთავაზება მათთვის მისაღებია და არ ექნებათ პრობლემა, თუ ინვესტორები არჩევანს სწორედ Paramount-ზე შეაჩერებენ. ინფორმაციისთვის, ახალი წინადადება ინვესტორებისთვის თითო აქციის სანაცვლოდ გადასახდელი თანხების მოცულობას $30 დოლარიდან $31 დოლარამდე ზრდის. ამასთან, ის მოიცავს $7-მილიარდიან საგარანტიო კომპენსაციას Netflix-თან შეთანხმების ჩაშლის გამო შესაძლო ჯარიმის გასასტუმრებლად და კვარტალურ დივიდენდებს იმ ინვესტორებისთვის, ვინც Warner Brothers-ის Paramount-ისთვის მიყიდვას დათანხმდება. შეგახსენებთ, დევიდ ელისონს ლეგენდარული კინოკომპანიის სრულად შესყიდვა სურს, რაც არამარტო თავად WBD-ს კინოინდუსტრიას, მის სტრიმინგ პლატფორმებსა და “სამეფო კარის თამაშებსა” და DC-ს კომიქსებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, არამედ კომპანიის მედია მიმართულებას, CNN-სა და Discovery-ს აერთიანებს.

რაც შეეხება Netflix-სს, რომელსაც Warner Brothers Discovery-ს ხელმძღვანელობა აქამდე აქტიურად უჭერდა მხარს, მას წარდგენილი ჰქონდა $82.7-მილიარდიანი წინადადება, რომელიც ინვესტორებისთვის თანხის ასევე სრულად, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას ითვალისწინებდა. განსხვავება ელისონისა და სარანდოსის კომპანიებს შორის არის ის, რომ Netflix-ი WBD-საგან მხოლოდ მის კინოინდუსტრიასა და სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ს ითხოვს და თანახმაა, უარი CNN-სა და Discovery-ზე, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტ ტრამპისადმი კრიტიკულ მედიასა და სამეცნიერო მაუწყებელს სრულ დამოუკიდებლობას შეუნარჩუნებს. თუმცა თუ საბოლოოდ ინვესტორები Paramount-ის შეთავაზებას დათანხმდებიან, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერის მოკავშირე ელისონი კრიტიკულ მაუწყებელზე ცვლილებებს გაატარებს. ცვლილებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასულ წელს Guardian-მა გაასაჯაროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები