კომპანია Netflix მომხმარებელს Black Mirror-ის ახალ ინტერაქციულ ეპიზოდს სთავაზობს, რომელიც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს, თავად გახდნენ ისტორიის შემქმნელები და სერიის სიუჟეტი საკუთარი სურვილისამებრ შეცვალონ.
ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
„აირჩიე შენი თავგადასავალი“ არის სერია, რომელსაც Bandersnatch ეწოდება და იგი ახალგაზრდა კოდერის ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც ახალ კომპიუტერულ თამაშს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ Bandersnatch 1984 წელს შექმნილი თამაშია, რომელიც რეალური ცხოვრების მოტივებზეა დაფუძნებული, თუმცა ეს კომპიუტერული თამაში გაყიდვაში არასდროს გამოსულა.
Bandersnatch-ის ხანგრძლივობა 90 წუთია და ის ახალი ტექნოლოგიის წარდგენას ემსახურება. ეპიზოდს წინ უძღვნის მოკლე ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებელს აჩვენებს, თუ როგორ უნდა შეცვალონ სიუჟეტი. კომპანია მაყურებელს კითხვებს სთავაზობს, რომელზეც მათი პასუხი „კი“ ან „არა“ იქნება. ამით მომხმარებელს შეუძლია, თავად აირჩიოს მთავარი გმირის ისტორიის განვითარების პროცესი.
Netflix-ის განცხადებით, სერიის თავიდან დაწყების შემთხვევაში, არჩეული სიუჟეტი მთლიანად იშლება და მაყურებელს მისი თავიდან შექმნის შესაძლებლობა ეძლევა.
„ეს Netflix-ის პირველი სერიოზული წამოწყებაა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, რომ შეცვალონ საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტი კი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერაქციული ტელევიზიის განვითარებაში“, - წერს CNBC.

























